POSTS დაიჯესტი

ირინა სარიშვილი: ვზრდით შვილებს როგორც საკუთრებებს, ამ ნაჭუჭისკენ ვექაჩებით, ნელ–ნელა ვავიწყებთ ფოთლების, ჩიტების ენას და შემოგვყავს ჩვენს ჯოჯოხეთურ სამყაროში

ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი რაც დაწერილა წაკითხული მაქვს. რა თქმა უნდა არა. მაგრამ რაც წამიკითხავს და მახსოვს, ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება, ისეთი რომელსაც დრო ვერ წაშლის, არ გაგეცინოთ და “მერი პოპინსიდან” დამრჩა. არა იმდენად ქალბატონი მერის გამო 
🙂 , რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესო პერსონაჟია, რამდენადაც ამ ნაწარმოებში ბავშვის სამყაროს აღწერის გამო.

ბავშვი აბსოლუტურად თავისუფალი იბადება და ამ თავისუფლების წყალობით, სანამ მას ნაწილ–ნაწილ დაკარგავს, ესმის ყველაფერი – რაზე ჩურჩულებენ ფოთლები, რას ჭიკჭიკებენ ჩიტები, რას გვიამბობს ქარი, რას გვიმღერის წვიმა, რატომ გვათბობს ცივი თოვლის ფიფქი და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენც ვიცოდით და გაზრდილებმა აღარ ვიცით.
ბავშვი გაოცებული უყურებს მზრუნველ დედას და ფიქრობს: რატომ უნდა ვჭამო როცა არ მშია, დავიძინო როცა არ მეძინება. რატომ ელაპარაკება დედიკო თავის დაქალს რაღაც სულელურ კაბაზე რომლის ყიდვაც უნდა და არ ესმის რომ ფანჯრის რაფაზე ჩიტი ზის და წყურია. მერე მამა მოვა სამსახურიდან დაღლილი, მიჩქმეტს ლოყაზე როცა სულ არ არ ვარ ჩქმეტის ხასიათზე და სხვა რამეზე ვფიქრობ და სხვა რამეს ვხედავ – ამას ფიქრობს ბავშვი.

ეს სხვა რამე სხვა არაფერია თუ არა ის რაც ნაჭუჭს გარეთ ხდება. იმ ნაჭუჭს გარეთ, რომელშიც ჩვენ – “დიდები” ვცხოვრობთ და აზრზე ვერ მოვდივართ რამდენ რამეს ვიკლებთ ასეთი ცხოვრებით. ვზრდით შვილებს როგორც საკუთრებებს, ამ ნაჭუჭისკენ ვექაჩებით, ნელ–ნელა ვავიწყებთ ფოთლების, ჩიტების ენას და შემოგვყავს ჩვენს ჯოჯოხეთურ სამყაროში, რომელსაც ადამიანური ურთიერთობები, თანაცხოვრება, სხვების მიერ დაწესებული ვალდებულებები და წესები ჰქვია. და მერე მთელი ცხოვრება ეს ჩვენი გაზრდილი ბავშვი, თუ ჭკვიანია და მონა არ არის, იბრძვის საკუთარი თავის გასანთავისუფლებად და იმ თავისუფლებაში დასაბრუნებლად საიდანაც მოვიდა.
ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში “დიდებს” შეგვიძლია გავაკეთოთ, დავეხმაროთ და არა ჩვენთვის მშობლიურად ქცეული ნაჭუჭისკენ მოვქაჩოთ ისინი ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს მაგრამ ამის გამო ისინი ჩვენი საკუთრებები არ არიან – შვილები. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენ თვითონ ეს ჯოჯოხეთი გავიარეთ და თუ ბოლომდე ვერ დავამსხვრიეთ, პატარა ხვრელი მაინც გავაკეთეთ ნაჭუჭში და იქიდან როცა ვიხედებით ვხედავთ რომ თავისუფლებაზე დიდი ამ ქვეყნად არაფერია.

სერიიდან: დაამტვრიე ნაჭუჭი, გახდი “არანორმალური” ..

 

ირინა სარიშვილი

ფეისბუქ-სტატუსი

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close