ALL დაიჯესტიფერიდე სანაია
გიორგი კილაძე – სულ მალე, მამები წაიკითხავენ შვილების მიერ მოწონებულ წიგნებს
- ნახვები1088
- ლაიქები0
ფერიდე სანაია
,,ხანდახან რეალობას უნდა გაექცე და უფრო მაგარ რეალობაში შეხვიდე, ვიდრე ხარ“, – ამ სიტყვების ავტორი არაერთი საჭირო პროექტის ინიციატორი, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გიორგი კილაძეს ეკუთვნის, რომელსაც მედია პორტალი ,,ჯეო დაიჯესტი“ ესაუბრა.
_ ბატონო გიორგი, გვიამბეთ თქვენი პროექტების შესახებ.
_ ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტი, მათ შორის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლექსიკონთა ერთიანი ბაზა, ლიტერატურული ფორუმი ,,ებლიტფო“ და მის ბაზაზე გამოცემული კრებულები: ,,საუბრები ლიტერატურაზე“, ,,ჩემი ხუთეული“, ,,ერთი მოთხრობა“ და ა.შ. გარდა ამისა, ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-ტელევიზია GEOIiBTV და ინტერნეტ-რადიო, პროექტი ,,სასკოლო ლიტერატურა“, ლიტერატურული საღამოები და სხვ.
კრებული ,,ლიტინტერვიუები ჟურნალისტებთან“ 2012 წელს გამოიცა. მასში შესულია ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტფორუმ ებლიტფოზე განხორციელებული პროექტის ,,ლიტინტერვიუები ჟურნალისტებთან“ ბეჭდური ვერსია.
საინტერესო პროექტი იყო აგრეთვე ,,ორი კითხვა ლიტერატურის მოყვარულს“, სადაც 172-მა ადამიანმა უპასუხა ერთსა და იმავე ორ კითხვას. ეს პროექტი ორმა ბეჭდურმა მედიამ გამოაქვეყნა; გაზეთმა ,,გალაკტიონმა“ დაბეჭდა სრულად. ჟურნალმა “ქართულმა მწერლობამ” მხოლოდ პოეტების, პროზაიკოსებისა და მთარგმნელების პასუხები ამ ორ კითხვაზე. სულ 13 კრებული გამოვიდა, მეცამეტე კრებულმა დაასრულა “საუბრები ლიტერატურაზე”, რაც მე მგონია, რომ საკმარისი იყო.
ათწლიან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი კრებული იყო ,,ჩემი ხუთეული“, რომელშიც შესულია 105 პოეტის თითო ლექსი, რომლებიც თავად გამომიგზავნეს. შემედგ იყო 100 პოეტის თითო ლექსი. ეს ის ლექსები იყო, რომლებიც ჩავთვალე რომ მომენატრა, ოღონდ უნდა ყოფილიყო აუცილებლად გამოქვეყნებული ლიტერატურულ ფორუმ “ებლიტფოზე”. ვთვლი, რომ ასევე წარმატებული პროექტი იყო “ჩემი მოთხრობა” – 60-ზე მეტი პროზაიკოსის თითო მოთხრობა. თავად შეარჩიეს და გამომიგზავნეს.
ინტერნეტ-ტელევიზია GEOIiBTV იმ დროს შეიქმნა, როცა ჩავთალე რომ სათქმელი კრებულებმა ვეღარ დაიტიეს და საჭირო გახდა რაღაც ახალი… GEOIiBTV ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ-ტელევიზია არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლიტერატურული მიმართულების ტელევიზია. მას უნდა მოეთხრო და ეჩვენებინა ყველაფერი ბიბლიოთეკის შესახებ: ლიტერატურა რა თქმა უნდა და ყველა ის ღონისძიება, რომლებიც ბიბლიოთეკაში გაიმართებოდა.
_ 2006 წელს გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმი ,,ებლიტფო“. როგორ გაჩნდა ეს იდეა?
_ 2004 წელს როცა ვიყავი სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსი და წესით და კანონით ოფიციალურად არანაირი კავშირი არ უნდა მქონოდა ლიტერატურულ საქმიანობასთან, ვირტუალურ სივრცეში არსებობდა ლიტერატურული ფორუმი ლიტერატურა. გე. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული ფორუმის მიზნები და ამოცანები უშუალოდ არ უკავშირდებოდა ჩემს პროფესიულ საქმიანობას მაინც, მისი აქტიური წევრი გავხდი. ვაქვეყნებდი ძველ ნაწერებს, ვწერდი ახლებს და ვსწავლობდი ძალიან ბევრს. მახსოვს საოცრად კარგი კრიტიკა სრულიად ახალგაზრდა დავით გაბუნიასი, მომავალში ბევრი პრემიის, მათ შორის “საბას” ლაურეანტის. ზუსტად ორი წლის შემდეგ ჩემი და ლიტერატურა.ჯის გზები გაიყო, ერთადერთი მიზეზის, დამწყები მწერლებისადმი ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულების, გამო. 18 ოქტომბერს პირადად ჩემი ინიციატივით გაიხსნა ლიტერატურული ფორუმი “ებლიტფო”, ოღონდ ბლოგის ,,ბაზაზე“ და ეს იყო კატასტროფა. დაახლოებით ინვარში ჩვენ უკვე სტანდარტული პროგრამა გვქონდა.
,,ებლიტფო“ ჩემი ყველაზე მთავარი ლიტერატურული პროექტია, რომელსაც გუშინწინ 11 წელი შეუსრულდა. დაგვიანებით ყველა “ებლიტფოელს” ვულოცავ “ებლიტფოს” იუბილეს.
_ ახლა რა პრორქტზე მუშაობთ? რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
_ ამ დროისთვის იდეა ლიტერატურული მიმართულებით არ მაქვს, თუმცა ერთი იდეა, ,,და გაისმოდა დების სიმღერა“, 18 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოდესმე უნდა შედგეს. ამის სატელევიზიო თუ ვიდეო ვერსია ჩვენ გავაკეთეთ. ბევრმა დამ გამოგვიგზავნა ჩანაწერი, ავიკინძეთ ერთ მთლიან სიუჟეტად და ყოველი წლის 18 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს ინტერნეტით ვუშვებთ.
_ რა ასაკიდან წერთ?
_ რაც თავი მახსოვს სულ ვწერ და ასევე ,,საშინლად“ ვაგრძელებ წერას. თუმცა სიამაყით ვამბობ ორი კრებულის გამოცემა არც მე მინანია და არც გამომცემელს.
_ ვინ არის ემხვარ კახაძე? რატომ აირჩიეთ ეს ფსევდონიმი?
_ ემხვარ კახაძე გიო კილაძეზე უფრო ცნობილი პიროვნებაა. ის უფრო დიდხანს იყო მწერალი, ვიდრე გიორგი კილაძე იქნება. ეს არის არის ორი ადამიანის (კახა რუსიძე და ემზარ ჯგერნაია) სახელისგან შემდგარი სახელი და გვარი. მაშინ თქვენი მონა-მორჩილი 27 წლის იყო.
_ ლიტერატურა საშუალებას გვაძლევს, რომ სხვების მაგალითზე საკუთრაი ქმედებების შედეგები დავინახოთ. რა არის თქვენთვის ლიტერატურა?
_ ჩემთვის ლიტერატურა არის წყალი, საკვები რის გარეშეც არ არსებობს ადამიანი. რა თქმა უნდა, ვასხვავებ კარგ და ცუდ ლიტერატურას.
_ როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა ,,უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“. რა სარგებელი მოაქვს წიგნს ადამიანის სულისთვის? არის თუ არა წიგნი მარტოობის წამალი?
_ მეორე ნაწილზე უნდა ვიფქრო, ხოლო პირველ ნაწილზე შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან რეალობას უნდა გაექცე და უფრო მაგარ რეალობაში შეხვიდე, ვიდრე ხარ. აი ეს არის ლიტერატურა. რამდენიმე ნაწარმოებმა შემცვალა და გამომცვალა. თითოეული წიგნი, რომელიც წავიკითხე რაღაც კი არ დატოვა, არამედ დამატრიალა, ამომატრიალა და მერე აქამდე მომიყვანა. წიგნი მარტოობის წამალი არის თუ არა? თითწქმის ყველაფრის წამალია. აი, ჩემი პასუხი.
_ გურამ დოჩნაშვილი ამბობს: ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“. თქვენი აზრით, ბევრია თუ არა საქართველოში კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს?
_ დიახ, ძალიან ბევრია. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა. ჩემი შვილები ბევრს კითხულობენ და ჩემი შვილის თაობა კიდევ უფრო მეტს კითხულობს . თუ ასე კარგად დაიწერება და ითარგმნება, მერწმუნეთ, სულ მალე, თუ უკვე არა, მამები წაიკითხავენ შვილების მიერ მოწონებულ წიგნებს. ამის ტენდენცია უკვე არის და ეს ძალიან კარგია. მე ვარ ამის ერთი მაგალითი!
_რას ურჩევთ მოზარდებს?
_ იკითხონ ბევრი და იკითხონ თავის დროზე. წიგნის დროულად მიწოდებაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ მშობლებს. ყველა წიგნი უნდა წაიკითხო იმ ასაკში, რა ასაკისთვისაც დაიწერა. იმ ემოციას, რაც 12 წლის ასაკში უნდა წაგეკითხა და მიგეღო ვერ მიიღებ სხვა ასაკში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მეორეჯერ წაკითხვა არის ფანტასტიკური რამ. როცა წიგნებში მოგზაურობა დავიწყე, წაკითხული და მოწონებული წიგნების უმრავლესობა მეორეს, ზოგი მესამედაც კი წავიკითხე. რომ იცოდეთ პირველი წაკითხვისას რამდენი რამ გამომრჩენია და ყურადღება არ მიმიქცევია
_ არის თუ არა ლიტერატურა იდეოლოგია?
_ იდეოლოგიად შეიძლება აქციოთ ლიტერატურა, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია. ის რისი ქცევაც შეიძლება რაღაცად, ესე იგი, მასში უკვე არის. რა დამაბნეველი კითხვა იყო!
_ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული პოეზია და პროზა?
_ მიდის წინ. მეჩვენება მწერლები ხშირად უკან არ იხედებიან. მჯერა,ვინც უკან კარგად იხედება, ის წინ უფრო კარგად მიდის.
_ ჰყავს თუ არა ბევრი მკითხველი ქართველ მწერლებს?
_ სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, ის რაშიც დარწმუნებული ვარ: თარგმნილ წიგნებს მეტი ადამიანი კითხულობს, ვიდრე ქართველ მწერლებს. რასაკვირველია, არის გამონაკლისები.
_ მკითხველი, რომელიცლიტერატურას მხოლოდ ქართულ ენაზე ეცნობა, შესაძლებელია თუ არა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე წარმოდგენა შეიქმნას?
_ თარგმნილი ლიტერატურის დონე არის ძალიან მაღალი. რომ ვკითხულობ სპარსულიდან, თურქულიდან, ინგლისურიდან, თუ ფრანგულიდან ნათარგმნ წიგნებს ხშირად ქართულად დაწერილი მგონია. მეჩვენება ფამუქიც ქართველია, ანა გავალდაც და კიდევ ბევრი.., ქართველები კარგად თარგმნიან. ყველაფერს არ ვკითხულობ. ბევრიდან ვირჩევ საუკეთესოს. არც მაშინ ვკითხულობ, როცა ავტორი მოდაში შემოდის. მაგალითად, პაოლო კოელიო წავიკითხე ერთი წლის დაგვიანებით, ვიღაც კიდევ ნახევარი წლის დაგვიანებით. ყველაფერს ვერ ვადევნებ თვალს, არც სურვილი მაქვს. ვერც ვაყალიბებ როგორ ვარჩევ წიგნებს. რასაც ვკითხულობ ის შეესაბამება ჩემს გემოვნებას და ვთვლი რომ კარგად არის თარგმნილი.
_ თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?
_ რომან ,,იდიოტის“ მთავარი გმირი ლევ მიშკინი გახდა ჩემთვის ყველაზე მაგარი ლიტერატურული გმირი, თუმცა არ ვიცი რატომ.
_ ბოლოს რომელი წიგნი წაგიკითხავთ?
_ ის, რაც ბოლოს წავიკითხე ეს არის ანა გავალდას ,,მე ის მიყვარდა“, რომელიც მეტად უცნაური რომანია. ახლა ვკითხულობ ირანელი პოეტის ზოია ფირზადის რომანს ,,შეგუებით“.
_ და ბოლოს, რას ურჩევდით მკითხველებს, გადამკითხველებს, ან თუნდაც წიგნის მოყვარულებს?
_ მე როგორც ერთი მკითხველი ვურჩევ, რომ ბევრი იკითხონ. როდის დაიწყებ და როდის დაამთავრებ ეს არ არის მთავარი. მთავარია რასაც წაიკითხავ კარგად გაიგო… რაღაც ისწავლო და შემდგომში გამოიყენო… მე ვცდილობ. მგონი გამომდის…
ფერიდე სანაია