ALL დაიჯესტიფერიდე სანაია
კითხვის უნარის ჩამოყალიბება დაწყებით საფეხურზე
- ნახვები1046
- ლაიქები0
ფერიდე სანაია
კითხვა რთული ლინგვისტური პროცესია, რომლის დასწავლა სკოლაში მიზანმიმართული მეცადინეობის შედეგად ხორციელდება. სირთულეები კითხვის სწავლისას მოსწავლეს ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეექმნას. ამ პრობლემებზე დროული რეაგირება აუცილებელია. პრობლემის მოგვარებაში კი ბავშვს უნდა დაეხმაროს მშობელი, მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი.
კითხვას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ისე აღმზრდელობითი ფუნქციები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
- სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტების მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;
- მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
- ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავშირება და მთავარი თემის განსაზღვრა;
- გმირის საქციელის შეფასება;
- მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ფუნქციის ახსნა;
- მხატვრული ტექსტების შექმნა;
- საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა.
კითხვის დასწავლის პროცესი გულისხმობს ენისთვის დამახასიათებელი ასოების (გრაფემების) ამოცნობის უნარის განვითარებას და მათ ფონემებთან დაკავშირებას; ფონემების ბგერებად გაერთიანებას, ხოლო ბგერების სიტყვად გამთლიანებას. იმისათვის, რომ სიტყვის ამოკითხვის პროცესი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა სიტყვის ცნობა და მისი მნიშვნელობის გაგება. წინადადების წაკითხვისას, კი საჭიროა ამოკითხული სიტყვების მეხსიერებაში შენახვა, დანარჩენ ამოკითხულ სიტყვებთან დაკავშირება და მთელი წინადადების შინაარსის წვდომა.
კითხვის უნარის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს, გენეტიკური ფაქტორი, ნეიროგანვითარების დეფიციტი ან ცაციობა და ალერგიული დაავადებები. შესაძლოა, ბავშვს ასოების ცნობა უჭირდეს, ან იცოდეს ასოები, მაგრამ სიტყვებად მათ გაერთიანებას ვერ ახერხებდეს, ან ცალ-ცალკე წარმოთქმულ ბგერებს ვერ აერთიანებდეს სიტყვებად. ამავდროულად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ შემდეგ ეტაპზე მოსწავლეების გარკვეული ნაწილი, გაბმული კითხვის უნარის ჩამოყალიბების მიუხედავად, ვერ ახდენს წაკითხულის გააზრებას, ანალიზს.
კითხვის სწავლების სტრატეგიები სხვადასხვა მოსწავლესთან სხვადასხვა იქნება:
- ასოების ამოცნობის გავარჯიშება;
- ასოების გაფერადება;
- მსგავსი ასოების დაჯგუფება ერთად;
- ბგერების სიტყვებად გაერთიანების გავარჯიშება;
- სიტყვის შინაარსის გაგების გავარჯიშება.
კითხვის სწავლისას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განწყობას. კითხვა მისთვის უსიამოვნო პროცესი არ უნდა იყოს.მშობლებმა დღეში 20 წუთი მაინც უნდა გამონახონ და შვილებს წიგნი წაუკითხონ, მერე კი ერთად განიხილონ წაკითხული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვმა გაკვეთილი არ უნდა ისწავლოს მშობლის წაკითხვის შედეგად მოსმენით, ანუ დაზეპირების გზით, რადგან ამ დროს მას უძნელდება ტექსტის გააზრება. შესაბამისად, ბავშვს უქვეითდება ფიქრის უნარი, რაც იმის შედეგია, რომ მოსწავლე ნელ-ნელა უფრო მეტ დროს ანდომებს ერთი დავალების შესრულებაში.
კითხვის უნარის ჩამოყალიბება და განვითარება რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს. ესენია:
ზეპირი მეტყველება;
წიგნისა და ტექსტის მახასიათებლების ცოდნა;
ფონეტიკური ცოდნა / ანბანის ცოდნა;
ლექსიკური მარაგი / სიტყვების ცოდნა;
მთლიანი სიტყვების ამოცნობა;
გამართული კითხვა (უშეცდომოდ, სათანადო სიჩქარით, გამომეტყველებით);
გაგება / გააზრება / მნიშვნელობის კონსტრუირება.
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა მაღლაკელიძე კითხვის სწავლების რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს:
მულტისენსორული მეთოდი – ასწავლეთ ბავშვს კითხვა მისი სხვადასხვა სენსორული არხების გამოყენებით და დატვირთვით: შეხებით, სმენით და მხედველობით. ასოების დასასწავლად გამოიყენეთ არ მხოლოდ დაბეჭდილი ასოები, არამედ ასოების ფიგურები (ხის, პლასტმასის ან გამოძერწილი), რომელსაც მოსწავლე ხელის შეხებით დაათვალიერებს და შეიმეცნებს, ვერბალურად დაახასიათებს მის ელემენტებს და თითს შემოავლებს. ასოების დასწავლის სტიმულირებისთვის დასაშვებია მოსწავლეს ასოები გადიდებული ზომით მოაწოდოთ, რათა ასოების მოყვანილობა უფრო თვალსაჩინო იყოს მისთვის.
მთლიანობითი მეთოდი – ასწავლეთ ბავშვებს დაწერილი სიტყვების მთლიანი ხატის დამახსოვრება. საგნების, ცხოველების ნახატებს მკაფიოდ მიაწერეთ მათი სახელები. ბავშვები ამ მასალასთან მუშაობის შედეგად იოლად იმახსოვრებენ საგნისა და შესაბამისი სიტყვის ხატს. შემდეგ განაცალკევეთ სიტყვა და სურათი და მიეცით ბავშვს დავალება დამოუკიდებლად მოუძებნოს საგანს შესაბამისი სიტყვა.
ინდივიდუალური მეცადინეობა – დაგეხმარებათ სწრაფად მოახდინოთ კითხვის სირთულეების განსაზღვრა და კორექცია. ასევე ეხმარება ბავშვს მშვიდ გარემოში, სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით (სხვადასხვა ზომის და ფორმის შრიფტით აწყობილი მასალა, სპეციალური წიგნები და ა.შ.) ისწავლოს კითხვა.
გუნდური კითხვა ნაცადია წერა-კითხვის სწავლებაში. იგი უზრუნველყოფს კითხვის პროცესში მთელი კლასის ჩართვას.
ნაწარმოების დედააზრის გაგება შეგნებული კითხვის ყველაზე მაღალი ეტაპია. მასწავლებელი ამ დროს მუშაობის შემდეგ ფორმებს იყენებს:
- მოსწავლეების მიერ ტექსტის შინაარსის გადმოცემა მასწავლებლის დამხმარე კითხვების საშუალებით (ე.წ. ფაქტებზე ორიენტირებული კითხვები);
- ტექსტის დაყოფა ცალკეულ ნაწილებად და მათი დასათაურება, გეგმის შედგენა;
- ტექსტის შინაარსის გადმოცემა ამ გეგმის მიხედვით;
- მასწავლებელი კლასს შერჩევით უსვამს ე.წ. შემაჯამებელ, ანალიზზე, სინთეზზე და შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება ტექსტის იდეურ-მხატვრულ ანალიზში. ამ გზით მოსწავლეები თანდათანობით მიდიან ტექსტის დედააზრის გაგებამდე. ამგვარი კითხვებით მოსწავლეებს ვაჩვევთ მწერლის თვალსაზრისის მიგნებას, წაკითხულისადმი თავიანთი დამოკიდებულების გამომუშავებას, ვაძლევთ ფართო გასაქანს მის დამოუკიდებელ აზროვნებას, ვასწავლით მსჯელობას, კამათს, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას.
კითხვა გამართულია, როცა მკითხველი კითხულობს უშეცდომოდ და სწრაფად. როცა მოსწავლე გამართულად კითხულობს, სასვენ ნიშნებთან მცირე პაუზებს აკეთებს, კითხულობს ინტონაციებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად კითხვის უნარის პრობლემისა, ბავშვი შესაძლოა გამოირჩეოდეს მაღალი ინტელექტით და იყოს წარმატებული სხვა სფეროში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებელთათვის, 2011.
კითხვის ეფექტური მეთოდები (სასწავლო-მეთოდური ფილმი და გზამკვლევი), თბ., 2008.
ნ. მაღლაკელიძე, ქართული ენის სწავლების მეთოდიკა/დიდაქტიკა, ,,მერიდიანი“, თბ., 2013.