News დაიჯესტი
26 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო
- ნახვები518
- ლაიქები0
აფხაზეთის ომი 26 წლის წინ 1992 წელს დაიწყო.
ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან,კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში —სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.
კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.
საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.