პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ერთობლივ მიმართვას უგზავნიან

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთიან მიმართვას უგზავნიან.

მიმართვაში პარტიების აღნიშნავენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროცესი, ჩიხში შედის და „ქართული ოცნების“ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, მოლაპარაკებები შეუძლებელი ხდება.

,,გაცნობებთ, რომ საქართველოში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროცესი, უკვე მერამდენედ შედის ჩიხში. ოპოზიციური პარტიების მცდელობა, დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, ‘’ქართული ოცნების’’ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, კვლავ შეუძლებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა, კიდევ ერთხელ, ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად. პასუხად კი, 19 ივლისს, ხელისუფლების შიდა კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში განიხილა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც გამოტანილი იყო საჯარო-სახალხო განხილვის ფორმატში და ბოლოს გადმოგზავნილი იყო ვენეციის კომისიისთვის. ხელისუფლებამ, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელმაც პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის 150-ვე დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის ინიციატივას, ძირეულად შეცვალა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი და პარლამენტში, კვლავ შერეული საარჩევნო სისტემის ინიცირება მოახდინა, რომელიც დაჩქარებული წესით, სამ დღეში, ორი მოსმენით დაამტკიცა კიდეც.

რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგში, ‘’ქართული ოცნების’’ ლიდერების მიერ გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის, კონსენსუსის მისღწევად. იგივე განაცხადა პრემიერ მინისტრმაც. სამწუხაროდ, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტის შემთხვევაში, ამჯერადაც, ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია და ოპოზიციასთან კვლავ ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი. ‘’ქართული ოცნება’’ ოპოზიციას სთავაზობს დაეთანხმონ, შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებას, იმის სანაცვლოდ, რომ ხელისუფლება ერთჯერედად, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პოლიტიკური ბლოკების შექმნას უფლებას დაუშვებს.

ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო და არის, შერეული სისტემიდან, სამართლიან პროპორციულ სისტემაზე (გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად გადანაწილების გათვალისწინებით) გადასვლა 2020 წლიდან. ასევე მთელი ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლისთვის გადადება, არ შეიძლება!

კონსულტაციების დაწყებამდე, ხელისუფლების მხრიდან კვლავ ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი, გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ‘’ქართულ ოცნებას’’ თავად აქვს გადაწყვეტილი დიალოგიოს პროცესი, დაწყებამდე ჩაშალოს. ეს ყოვლად მიუღებელია ოპოზიციითვის, რომლის მიზანს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და კონსენსუსით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს.

მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ხელისუფლების წინაშე, თქვენთვის დამახასიათებელი პრინციპულობით, კიდევ ერთხელ დააყენოთ საკითხი, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებისას, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, კონსესუსის აუცილებლობის შესახებ”, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; საქართველოს ლეიბორისტული პარტია; საქართველოს რესპუბლიკური პარტია; დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო; გ.დ.მ.;  პოლიტიკური პლატფორმა – „ახალი საქართველო“; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; თავისუფალი დემოკრატები; ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ეროვნული ფორუმი; ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის; სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის; ტრადიციონალისტთა კავშირი; სახელმწიფო ხალხისთვის.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close