News დაიჯესტი
ეკონომიკის სამინისტრო რუსეთის მიერ „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
- ნახვები502
- ლაიქები0
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბისა და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებისთვის.
ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა შიდა საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვის, აგრეთვე შიდა საავიაციო სამუშაოების გათავისუფლება დღგ-სგან და ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საწვავი და საპოხი მასალების გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან, აქციზისა და დღგ-სგან. აღნიშნული მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და ხელს უწყობს რესურსების დარჩენას კომპანიებში.
სახელმწიფო მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით მოხდა ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ იმ 4 სიხშირის აღდგენა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ 14 ივლისს იქნა შეჩერებული. შედეგად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შემდგომშიც გააგრძელებს ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის შემდგომი მხარდაჭერა, რითაც ხელს ვუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბებას. თუმცა, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესების დაცვა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კომპანიები, სახელმწიფო მხარდაჭერის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მომხმარებლებს შესაბამისი ხარისხისა და ფასის მომსახურებით“, – ნათქვამია განცხადებაში.