ALL დაიჯესტი
გაიგეთ როგორი ტიპის კანი გაქვთ
- ნახვები480
- ლაიქები0
სახის კანის ტიპებსა და მათი მოვლის მეთოდებზე პოლიპროფილური კლინიკის „კლინიკა ვაკეში“ ესთეტიკური განყოფილების ექიმი კოსმეტოლოგი ჯული შენგელია გვესაუბრება.
სახის კანი იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, მას რეგულარული და სწორი მოვლა სჭირდება. სწორი მოვლა კი, პირველ რიგში, სახის კანის ტიპის განსაზღვრას გულისხმობს, რადგან ყველა ტიპის კანს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საშუალებების შერჩევა ესაჭიროება. არსებობს კანის ოთხი ძირითადი ტიპი: ნორმალური, მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს თავისი მახასიათებლები აქვს.
ნორმალური კანი
ნორმალური კანი თანაბარი შეფერილობისაა, გლუვი, მკვრივი და სუფთა, ზომიერად ან მცირედ ფორებიანი. ცხიმისა და ტენის შემცველობა ასეთ კანში, როგორც წესი, დაბალანსებულია და ამის გამო კანი იშვიათად ღიზიანდება. მშრალ კანს სწორი მოვლისას ნაოჭები ძალიან გვიან უჩნდება. მასზე არ შეინიშნება გაფართოებული სისხლძარღვები და შავი წერტილები (ფერიმჭამელები).
მოვლა:
ნორმალურ კანს დაბანა დღეში ერთხელ სჭირდება, ხოლო სქრაბის მეშვეობით მკვდარი უჯრედების მოცილება – კვირაში ორჯერ. კარგად იტანს ცუდ კლიმატურ პირობებს, წყლითა და საპნით დაბანას, მაგრამ უმჯობესია, კოსმეტიკური, საბავშვო ან სპერმაცევტული საპონი გამოიყენოთ. სახის დატენიანება თხელი ტექსტურის კრემებით სჯობს, მკვებავი კრემები კი A, C და E ვიტამინებს უნდა შეიცავდეს.
თეთრი თიხის ნიღაბი ნორმალური კანისთვის
1 ს.კ. თეთრ თიხას დაამატეთ თითო-თითო კოვზი არაჟანი და ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. წვრილად გახეხილი ბანანი ან ვაშლი და კარგად აურიეთ (თუ მასა ზედმეტად სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ, ცოტაოდენი თბილი წყალიც დაამატოთ). მიღებული მასა წაისვით სახეზე, 8-10 წუთის შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.
მშრალი კანი
მშრალი კანი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ამიტომ იგი გარეგნულადაც სხვადასხვაგვარად გამოიყურება – ახალგაზრდა ასაკში მშრალი კანი თხელია და ნაზი, ყოველგვარი გამონაყარის, ფორებისა და ზედმეტი სიჭრელის გარეშე. მაგრამ, თუ ასეთ კანს სათანადოდ არ მოუარეთ, უფრო მეტად შრება, უსიამოვნოდ იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. აქედან გამომდინარე, მშრალი კანი სხვა ტიპის კანზე უფრო სწრაფად ნაოჭდება (განსაკუთრებით თვალის გარშემო) და ბერდება.
მოვლა:
მშრალ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ეფექტურია რამდენიმე სახის პროდუქტის ერთად გამოყენება, მაგალითად: მსუბუქი სახის ზეთის ზემოდან გადაისვით სქელი ტექსტურის დამატენიანებელი კრემი. რაც შეიძლება ცხიმიანი და ეთერზეთებით მდიდარი მკვებავი ან მატონიზებელი კრემები გამოიყენეთ. კარგი იქნება, თუ ღამის კრემი შეიცავს ნივთიერება alpha hydroxy acids (AHAs)-ს, რომელიც ეხმარება კანს მკვდარი უჯრედების მოცილებასა და ახალი კანის დატენიანებაში. აუცილებელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა, საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, ალკოჰოლისა და ყავის შემცირება.
ნიღაბი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
თეთრი ყურძნის მტევანი ან 2 ს.კ. პაპაიას რბილობი; 1 ჩ.კ. თაფლი. დაჭეჭყეთ ყურძენი ან პაპაიას რბილობი (ამისთვის შეგიძლიათ, მიქსერიც გამოიყენოთ) და შეურიეთ თაფლს. წაისვით ნარევი სახეზე, დაელოდეთ 20 წუთი და შემდეგ გაგრილებულ რძეში დასველებული ტამპონით მოიშორეთ.
ცხიმიანი კანი
ცხიმიანი კანი შესახედავად სქელი, უხეში და პრიალაა. მისთვის დამახასიათებელია თვალშისაცემად მსხვილი ფორები (ზოგჯერ ასეთი კანი ფორთოხლის ქერქსაც მოგვაგონებს). ჭარბი ცხიმი, მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად, ცხიმის ჯირკვლებში წარმოქმნის საცობებს, რის გამოც ასეთი ტიპის კანი გამონაყარისა და ფერიმჭამელებისკენაა მიდრეკილი. მიუხედავად ამისა, ცხიმიან კანს სხვებთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობაც აქვს: ის ძალიან გვიან ბერდება.
მოვლა:
ცხიმიანი კანის მოვლა სწორ კვებასა და რეგულარულ სახის მოვლის პროცედურებს ითვალისწინებს. სასურველია, სახე დღეში ორჯერ დაიბანოთ (ამით ფორების სისუფთავეს შეინარჩუნებთ და ფერიმჭამელებისა და გამონაყარის წარმოქმნას აიცილებთ). სახის დაბანის შემდეგ კანიდან ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად მხოლოდ უალკოჰოლო სახის კანის შემკვრელები გამოიყენეთ. მათ შორის ეფექტურია ბუნებრივი შემკვრელების (მაგალითად, კიტრის ნიღბების, კრაზანას ფოთლების ნაყენისა და სხვა) გამოყენება.
კიტრის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
საშუალო ზომის კიტრი გახეხეთ. 3 ს.კ. გახეხილი კიტრი გადაურიეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმართან და 4 ს.კ. შვრიის ფანტელებთან. შვრიის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი, მწვანე ან ცისფერი კოსმეტიკური თიხა. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20-25 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კომბინირებული კანი
ქალბატონების უმეტესობას კომბინირებული ტიპის კანი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახის სხვადასხვა უბანზე კანი სხვადასხვა ტიპისაა – ზოგან ცხიმიანი, ზოგან კი მშრალი. ასეთი კანი ცხვირსა და ნიკაპზე (ტეზონა) მუდმივად ცხიმიანია და პრიალებს, ხოლო თვალების გარშემო და ლოყებზე გაცილებით მშრალია და ხანდახან იქერცლება კიდეც. კომბინირებულ კანზე, ასევე, ადვილად ჩნდება ნაოჭები – 28-30 წლის ასაკში თავს იჩენს წვრილ-წვრილი მიმიკური ნაოჭები, 45-50 წლისთვის კი ასაკობრივი ცვლილებები უკვე კარგად შეიმჩნევა.
მოვლა:
კომბინირებული კანი რეგულარულ (ყოველდღიურ) მოვლა/დაბანას, ტონირებას და დატენიანებას საჭიროებს. კანის მშრალ ნაწილებს შედარებით რბილი დასაბანი საშუალება და სქელი დამატენიანებელი სჭირდება, დანარჩენ ნაწილზე კი კრემი თხელ ფენად უნდა გადაინაწილოთ. დამატენიანებელი კრემები alpha hydroxy acids (AHAs)-ის შემცველობით შეიძინეთ, დროდადრო კი კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი სახის ნიღბები გამოიყენეთ.
ნიღაბი კომბინირებული კანისთვის
2 ს.კ. კეფირი და 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სახეზე წაისვით (თან კანი ფრთხილად იმასაჟეთ). 20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.