News დაიჯესტი
ევრობანკი საქართველოში პირველად იწყებს ევრო-ობლიგაციების გამოშვებას ადგილობრივ ვალუტაში
- ნახვები573
- ლაიქები0
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ( „ევრობანკი“) ისტორიულ და საეტაპო მოვლენას აღნიშნავს ლარში მისთვის პირველი ევრო-ობლიგაციების გამოშვების სახით.
ეს მოვლენა შესაძლებელი გახდა „ქლეარსტრიმსა“ და საქართველოს ადგილობრივ ბაზარს შორის ახლახანს დამყარებული კავშირის შედეგად, რაც არამხოლოდ ლარს აქცევს ანგარიშსწორების ერთეულად საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარებში, არამედ ასევე წაახალისებს მეტ საერთაშორისო კაპიტალდაბანდებას ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე.
ობლიგაციის ვადიანობა 5 წელს გულისხმობს და თანხა ჯამურად 120 მილიონ ლარს (€46.7 მილიონის ექვივალენტს) შეადგენს. ამ გარიგებაში წამყვანი, ხელმძღვანელის და უზრუნველმყოფის როლი სს „თიბისი“ ბანკმა იკისრა. ევრობანკის საინაუგურაციო ლარში ანგარიშსწორებადი ევრო-ობლიგაციის კუპონი დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატების სამთვიან განაკვეთთან. ევრობანკი მიმართავს ლონდონის საფონდო ბირჟას ობლიგაციების განთავსების მიზნით, რის შემდეგაც განაცხადს წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს ევრო-ობლიგაციების დასაშვებად ამ უწყების მიერ წარმოებულ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში.
ევრობანკს წამყვანი როლი აქვს შესრულებული საქართველოს ადგილობრივი სავალუტო და კაპიტალის ბაზრების ფორმირებაში. უკვე მრავალი წელია, მათ შორის ბოლოდროინდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც, ის მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ეროვნულ ბანკთან და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების წასახალისებლად და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გასავითარებლად და გასაძლიერებლად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის მოსაზრებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარში გამოსახული ობლიგაციების გამოშვებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევრობანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე ლარში გამოსახული ობლიგაციები გამოუშვა. ამჯერად, ევრობანკი კვლავ პირველ პოზიციას იკავებს ლარში ევრო-ობლიგაციების გამოშვებით. იმედი გვაქვს, რომ ლარში გამოსახული AAA კატეგორიის ობლიგაციების გაზრდილი ხელმისაწვდომობა მეტ მიმზიდველობას შემატებს საქართველოს კაპიტალის ბაზრებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის“.
სს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს: „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული გარიგება განვახორციელეთ ევრობანკთან. ლარში გამოსახული ევრო-ობლიგაციები ევრობანკის გლობალური საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდების პროგრამის ფარგლებში ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის. ეს მოვლენა კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ფულადი ერთეულის ლიკვიდურობას და მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტორებს ადგილობრივ ბაზარზე“.
ეს გარიგება შეესაბამება საქართველოსთვის ევრობანკის მიერ შემუშავებულ სტრატეგიის და ის მიზნად ისახავს ფინანსური შუამავლობის გაღრმავებას, ქვეყნის ფულადი ერთეულის და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებას, რათა ადგილობრივმა კერძო სექტორმა ფინანსურ რესურსზე წვდომა იქონიოს. დღემდე ევრობანკს ჯამში ინვესტირებული აქვს €3.1 მილიარდი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განხორციელებულ 205 პროექტში. ლარში გამოსახულ პირველ საკრედიტო შეთანხმებას 2010 წლის მარტს მოეწერა ხელი.