News დაიჯესტი

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!

გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.

1 კვირაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალ გადასახადს დააწესებს. მართალია, სემეკში გაძვირებას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ სპეციალისტებისთვის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. როგორც გაზეთი „რეზონანსი”წერს, ტარიფი თბილისელებს 2-3 თეთრის ფარგლებში გაუძვირდებათ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება რეგიონებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი ისედაც ძვირია.

დედაქალაქში გაზის ტარიფი 8-9 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 50 თეთრი გახდება. სემეკში კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით 26 დეკემბერს განიხილავენ. მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის შესაძლო გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გოჩა შონიას თქმით, ტარიფში, ლარის კურსთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის კომპონენტი, რომელიც ტარიფის ფორმირების პროცესში მონაწილეობს.

„წინასწარ სატარიფო ცვლილებაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. 26 დეკემბერს არის სხდომა ჩანიშნული. დეპარტამენტს მუშაობა არ დაუსრულებია და დეტალებს აზუსტებს. ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თითოეული ნიუანსი გასაანგარიშებელია. ყველა კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული: საინვესტიციო ხარჯი, განაწილება, ლარის კურსი და სხვადასხვა. თითოეულ ხარჯს დეტალურად ვსწავლობთ, შეჯერების პროცესში ვართ.

ყველაფერი აისახება ტარიფზე, ვერ გამოვყოფ, რომელი კომპონეტი უფრო მეტად ან ნაკლებად იქონიებს გავლენას გადასახადის კორექტირებისას. ძალიან რთულია საუბარი. ზრდას ვერ დაგიდასტურებთ, სანამ საბოლოო ციფრი არ გვეცოდინება”, – განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს” გოჩა შონიამ.

დეპარტამენტი ახლა გადის ხარჯების აუდიტს და დეტალურად ყველა ხარჯს აჯამებს. ეს არის გეგმური გადახედვა, მოქმედ ტარიფს ვადა გასდის 31 დეკემბერს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ განაცხადების განხილვა.

„აქ არ არის მხოლოდ სამომხმარებლო ტარიფი, საკმაოდ კომპლექსური თემაა, რომელიც ეხება მიწოდების ნაწილს, ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს. დიდი სამუშაოა გასაწევი.

ცხადია, კურსი თავისთავად მოქმედებს გაზის სექტორზე, რადგან ბუნებრივი აირის შესყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, კურსს გარკვეული ზეგავლენა აქვს, შესაძლოა, მიწოდების ნაწილში ტარიფი გაძვირდეს, მაგრამ განაწილების კომპლექსში შემცირდეს, არაფერი არ არის გამორიცხული. ცხადია, ინვესტიციების ხარჯიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ როგორ შეიცვლება ტარიფი, ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს გოჩა შონია.

ტენდენცია მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა ენერგეტიკოსებისთვის, რომლებიც დანამდვილებით ამბობენ, რომ მოსახლეობას გადასახადი გაუძვირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ტარიფი განსაკუთრებით რეგიონებში მოიმატებს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამის მიზეზად ინვესტიციებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ტარიფზე ყველაზე მეტ გავლენას სწორედ ეს კომპონენტი მოახდენს. იგი არ მალავს, რომ გაზის გადასახადის გაძვირებას ელოდება.

„ლარი საბედისწერო ზღვარზეა. ასე თუ გაგრძელდა და ყოველთვე თითო პუნქტით გაუფასურდება ლარი, ბუნებრივია, ტარიფის დაჭერა შეუძლებელი გახდება. ძველი ნიშნული ჩვენ დავგეგმეთ 2,50-ზე, ახლა 2,70-ზეა საუბარი, რაც გადასახადის გაძვირების ალბათობას ზრდის. წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, თუკი კურსი მომავალში 2,80-ს მიაწღევს, რაც, ფაქტობრივად, ტარიფის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტარიფში მარტო კურსი არ არის, ყველა პრობლემა წარმოიშვება როგორც გატარების, ისე შესყიდვის თვალსაზრისითაც. კურსიდან გამომდინარე, შესყიდვის კომპონენტში მაინც მეტი პრობლემაა. ჩემი აზრით, ჩადებული ინვესტიციების ამოღების საკითხი არ იქნება, რომ ტარიფი ამ მხრივ დაიტვირთოს, ამჯერად ეს საკითხი არ დადგება. ცვლილება ზრდისკენ იქნება მიმართული, მაგრამ 1 კბ/მ-ის ფასი 50 თეთრს არ უნდა გადასცდეს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი სავალუტო კრიზისია, რის გავლენასაც გაზის ტარიფი ვერ გაექცევა”, – ამბობს „ბიზნეს-რეზონანსთან” არაბიძე.

ბუნებრივი აირის დანაკარგების შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ქსელის რეაბილიტაცია, რაც ტარიფზე სამომავლოდ აისახება.

„ბუნებრივი აირის დანაკარგებს 3-5%-მდე თუ ჩამოიყვანენ, ეს მოითხოვს დიდ ხარჯს, სამაგიეროდ, შემცირდება დანაკარგები და აქედან გამომდინარე, კომპანია შეიძლება დაზარალდეს ფინანსურად. მოგვიანებით ეს თავისთავად ასახვას ტარიფში ჰპოვებს. პრინციპში, ასეთია რეალობა, ბევრი ფულია ჩასადები, რომ დანაკარგებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარდეს.

ფაქტია, ქსელი მოსაწესრიგებელია. ცოტა ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, რომ „ყაზტრანსგაზმა” 3%-მდე შეიძლება შეამციროს დანაკარგი, მაგრამ რეალურად იგი 10%-ზე მეტია. ცვლილებას ველოდები გადასახადთან დაკავშირებით, რაც ზამთარში მოსახლეობას დიდ ტვირთად დააწვება”, – დასძენს ენერგეტიკოსი.

გია არაბიძე ამბობს, რომ ტარიფი 3 კომპონენტისგან შედგება: ტრანსპორტირების თანხა, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, შეიძლება ცოტათი შემცირდეს, თუკი კურსი 2,67-ზე დარჩა. რაც შეეხება შესასყიდ ხარჯს, წინა შესასყიდი ფასი 2,5-ზე იყო გაანგარიშებული, ალბათ ამ მხრივ კორექცია მოხდება მატების მიმართულებით. სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტში კი ენერგეტიკოსი ზრდას ელოდება.

„სერიოზულ ცვლილებას არ ვვარაუდობ, განსაკუთრებით თბილისში. მნიშვნელოვანი მდგენელი არის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც გარკვეულწილად გაიყო. თუ მოხერხდა „სოკართან”, ანუ ინვესტიციების ჩამდებთან შეთანხმება, რომ ტარიფს მაქსიმალური ტვირთი არ დააწვეს ინვესტიციების ამოსაღებად და ხარჯის გადანაწილება წლების მიხედვით მოხდეს, მაშინ სამომხმარებლო ტარიფის სერიოზული მატება არ იქნება, თუმცა ცოტათი მაინც გაძვირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში მეტი ინვესტიცია განხორციელდა, იქ გადასახადსაც მეტად გააძვირებენ, ვიდრე თბილისში. მოკლედ, გაზის გაძვირება გარდაუვალია. ლარის კურსი და ინვესტიციები ამ მხრივ გარკვეულ გავლენას მოახდენს”, – ამბობს არაბიძე და დასძენს, რომ გადასახადის სიდიდის მიხედვით სხვაობა დედაქალაქსა და რეგიონებს შორის მცირე არ იქნება.

„ველოდები, რომ დედაქალაქში გადასახადი 2-3 თეთრის ფარგლებში მოიმატებს. რეგიონებში კი სამომხმარებლო ტარიფი ისედაც მეტია, რამდენადაც იქ ტრანსპოტირების ხარჯი უფრო დიდია. სხვადასხვა რეგიონისთვის ეს მაჩვენებელი სხვადასხვა იქნება. იქ რამდენიმე წვრილი კომპანიაა და თითოეულს განსხვავებული ტარიფი ექნება, განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით სად მეტი იქნება ეს გადასახადი, ჯერჯერობით ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, თბილისთან შედარებით, სხვაობა უმნიშვნელო არ იქნება”, – აღნიშნავს არაბიძე.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მუდმივად საუბრობენ, რომ შეშის მოხმარება შეამცირონ, გათბობის სხვა ალტერნატივა მოსახლეობას, ფაქტობრივად, აღარ ექნება. გაზიფიცირების სამუშაოების მიუხედავად, ხალხს გადასახადი საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება და გაზის მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდება. სხვა გამოსავალი ხალხს, უბრალოდ, არ ექნება!

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close