POSTS დაიჯესტი
“ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი”,-ირაკლი ჟვანია
- ნახვები560
- ლაიქები0
ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ პარკში არასდროს დასრულდება…
…. გავიცანი კაცი, ვინც დააპროექტა დიდი შადრევანი 1955 წელს, ასევე აღმოვაჩინე იმათი ფოტოები, ვინც გააშენა ვაკის პარკი… პარკის არქიტექტორი იყო ქუჩუ დგებუაძე ( სამწუხაროდ ფოტო არ იძებნება არსად), გამწვანების პროექტის ავტორები ულამაზესი ქალბატონები ნელი ციციშვილი და მანანა კობერიძე, დიდი შადრევნის ავტორები კი ბატონი ნოდარ ჯობაძე და აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბრამიშვილი. სწორედ ბატონ ნოდართან მივედი სტუმრად……..
…მივდიოდი სახლში კაცთან, რომელმაც თბილისის ისტორიის ნაწილი შექმნა. ჩვენ ხომ ყველანი იმ დიდი შადრევნის გარშემო ვიღებდით ფოტოებს ჯერ კიდევ სულ პატარაობაში….როგორი ჭკვიანი და იუმორით სავსეა, რომ ნახოთ ეს კაცი… პარკზე მიყვებოდა…ჟორა გეგეშიძეზე….ლადო მესხიშვილზე…იმ დროზე…მაგრამ რამდენჯერაც დაიწყებდა საუბარს, მანანაზე მოყოლას აგრძელებდა…ისინი 1955 წელს დაქორწინდნენ, ახალგაზრდები, ნიჭიერები, ლამაზები, ნოდარ ჯობაძე და მანანა კობერიძე….ნოდარს ვაკის პარკში დიდი შადრევნის პროექტი დაევალა, ულამაზესი მანანა კი ნელისთან ჯგუფში დენდროლოგიის პროექტს აკეთებდა ამ პარკის….”იცი როგორი ეშხიანი იყო…” მეუბნება ბიძია ნოდარი და მხოლოდ თვალებში ეტყობა როგორ ტკივა მისი მანანა რომ აღარ ყავს. 63 წელი იყვნენ ერთად და წავიდა მანანა. თავიდან ძალიან გავბრაზდიო, მიყვება ძია ნოდარი, როგორ დამტოვაო… არ შემიძლია, ბატონობით ვერ მივმართავ. იმიტომ რომ უცებ ძალიან ახლობელი გახდა ეს კაცი. რომლისთვისაც სულ ერთია ის შადრევანიც და ის პარკიც, სულ მანანა ენატრება და უხარია რომ მიყვება როგორი ლამაზი იყო მისი მანანა….
… დღესაც შინაგანად დიდი კაცია და განიცდის მის ულამაზეს მანანას… ეს ფოტო გადაღებულია 1955 წელს, ნოდარი შადრევანს რომ აშენებდა, მანანა კი ხეებს რგავდა იმ პარკში მაშინ…..ნელი ციციშვილი იყო ძალიან ლამაზიო,ძია ნოდარი მიყვება, დედოფალივით ქალი ყოფილა…სულ ერთად იყვნენ ნელი და მანანა, სულ პარკში ტრიალებდნენ……
ბევრი ვისაუბრეთ ამ არაჩვეულებრივ კაცთან სახლში, რომლის კედლებიც მისი ასევე არაჩვეულებრივი ნახატებითაა მოფენილი… რა კარგებია, ვუთხარი. და იმწუთას ერთ-ერთ ნახატთან მიმიყვანა, ეს “ქოლგები” უყვარდა მანანასო….
ისევ მანანა, მუდამ მანანაა ამ კაცის სიცოცხლე და იქნება ასე სულ…
დავპატიჟე პარკის პროექტის ჯგუფში, გაუხარდა….
რა პატარაა ეს ცხოვრება. სიყვარულისთვის თურმე 63 წელიც კი ძალიან ცოტაა. ამას მიყვებოდა ძია ნოდარი.
……..
ოდესმე თუ საშუალება მომეცემა, ვაკის პარკში აუცილებლად უნდა გავაკეთო ბროწეულების ხეივანი ჩემი ლიკასთვის ( მარიტასთვის) <3ახლა კი დავამატებ ამასაც – დავრგავ ორ ლამაზ ხეს ერთმანეთის გვერდით და დავაწერ ნოდარის და მანანას სახელებს.
ვიცი, გაუხარდება ეს ამბავი ძია ნოდარს, დიდი შადრევნის ავტორს.
ამ პარკში ნოდარის და მანანას სიყვარული არ დამთავრდება არასდროს, იმიტომ რომ ნამდვილი სიყვარული არ მთავრდება არსად, მითუმეტეს მათივე გაშენებულ ვაკის პარკში ……
არქიტექტორი