News დაიჯესტი

ალექსანდრე კობაიძე:როსტომაშვილი, შესაძლოა, ცრუ ჩვენებისთვის პასუხისგებაში მისცენ

იუმორისტ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე უდანაშაულო ადამიანია დაკავებული, შესაბამისად, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ როსტომაშვილმა ცრუ ჩვენება მისცა, მას პასუხისგებაში მისცემენ.

ამის შესახებ “პირველს” საქმეზე დაკავებული ზ. ქუთელიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, როსტომაშვილზე თავდასხმის დროს, საკუთარი ავტომობილით, გოგოსთან ერთად გადაადგილდებოდა, სავარაუდო ბრალდებულები კი სხვა ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
ადვოკატი იმასაც აცხადებს, რომ საქმეზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც რეალური დამნაშავის იდენტიფიცირებას მოახდენს.
“ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის ადამიანები დაკავებულები არ არიან. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც დააკავეს, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გაექცათ. შემდგომ იჭერენ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ ზ. ქუთელიას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. სათვალთავალო კამერებში ნათლად ჩანს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანა იმ ტერიტორიაზე მოძრაობდა, რადგან ის იქ ცხოვრობდა. მთავარი მოწმე, რომლის მანქანითაც სავარაუდო დამნაშავეები როსტომაშვილზე თავდასასხმელად მივიდნენ, ამბობს, რომ ზ. ქუთელია მის მანქანაში არ მჯდარა. მოწმე ამბობს, რომ იმ ადამიანების ამოცნობა შეუძლია, რომლებიც მის ავტომობილში იმყოფებოდნენ.
ბრალდების მხარეც დარწმუნებულია, რომ როსტომაშვილის თავდასხმაში ქუთელია არ მონაწილეობდა. თავდაპირველად გამოძიება ამბობდა, რომ ქუთელიაც იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც მოწმეს ეკუთვნის, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ ქუთელია საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება ტერიტორიაზე”,- აცხადებს ადვოკატი.
ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და დავით როსტომაშვილი ერთმანეთს იცნობდნენ და საკმაოდ კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ. ადვოკატი იმასაც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საკმაოდ კარგი წარსული აქვს.
“ქუთელიას ერთი ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ აქვს მიღებული. მისი დაკავება გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოხდა, ის ბრალდებული კი, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ, ცხელ კვალზე დააკავეს. ჩვენ გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ, ჩატარდა ყველა საჭირო ექსპერტიზა, ჩავაბარეთ დეენემის ნიმუში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი შეგნებულად იწელება, რადგან ნამდვილი დამნაშავეები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან, ამის გამო კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები უკანონოდ ილახება”,- ამბობს ადვოკატი.
ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქმეში დაცვის მხარეს ოქროს მოწმე ჰყავს.


“საუბარია გოგოზე, რომელიც მოცემულ მომენტში ქუთელიასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა. კადრებიდან ჩანს, რომ ქუთელიამ ხალხმრავალ ადგილთან მანქანა გააჩერა, როგორც სხვა ავტომობილის მძღოლებმა, რადგან ენახა რა ხდებოდა. ერთი მტკიცებულებაც კი არ არის, გარდა იმისა, რომ დაზარალებული როსტომაშვილი ქუთელიას ადანაშაულებს. პროკურატურა ახლა ჩიხშია, რადგან თუ ქუთელიას გაათავისუფლებს, როსტომაშვილი ცრუ ჩვენებისთვის უნდა მისცეს პასუხისგებაში. თავიდანვე არასწორად არის დაწყებული გამოძიება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა. ბრალდება ამ ბოლო დროს მიხვდა, რომ ქუთელია დამნაშავე არ არის და პოზიციები შეარბილა”,- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე “პირველთან” საუბარში.
ადვოკატი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თავდამსხმელები ნიღბებით იმყოფებოდნენ და ამტკიცებს, რომ კადრებიდან ამ პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასამართლო პროცესი 10 ივნისს გაიმართა, თუმცა პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა და 25 აგვისტოს გაიმართება.
თავად ბრალდებული შიმშილობის დაწყებას, მისი ოჯახის წევრები კი აქციების გამართვას გეგმავენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “პირველი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
“პირველი” საქმესთან დაკავშირებით პოზიციის გასარკვევად როსტომაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 23 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.
პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.
ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი”, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close