News დაიჯესტი

საქსტატის ცნობით, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგო არ დაიბადა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ქვეყანაში 31 446 გოგო არ დაიბადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენცია გაიმართა. სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები განიხილეს. ყურადღება მოსახლეობის ზრდის დინამიკაზე, ხანდაზმულობისა და დაბერების მაჩვენებელზე გაამახვილეს.

კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით გამოირჩეოდა, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა.

საქსტატის 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგოზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როდესაც დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. ეს შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 – გოგოა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი – 59 249-ს.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო აღწერის ანალიზმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განათლებას უფრო მეტი ქალი იღებს, დასაქმებისას უპირატესობა კაცებს ენიჭებათ.

„ქალებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ჰქონდეთ თავიანთი, დამოუკიდებელი შემოსავალი და ეს, რა თქმა უნდა, არის დაკარგული პოტენციალი. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ნამდვილად მოითხოვს გათვალისწინებას შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვისას”, – განაცხადა  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

გარდა ამისა, აღწერის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის 92% ფიქრობს, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია ოჯახის მოვლაა. ასევე მამაკაცების 62% ფიქრობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილებებს კაცი უნდა იღებდეს. მოსახლეობის 58%-ის აზრით, ცუდ ქორწინებაში ყოფნა მარტოხელობა სჯობს. ხოლო, ქალების და მამაკაცების 70% თანხმდება იმაზე, რომ ქორწინებაში მყოფი ქალი უფრო ბედნიერია, ვიდრე მარტოხელა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close