News დაიჯესტი

„მხედრიონი“ კაგებემ“ და იგივე ედიკამ, თავისი ბინძური საქმეების გასაკეთებლად გამოიყენა!

ყოფილი “მხედრიონელი”, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ალიასთან 1990-იანი წლების ისტორიას იხესენებს.

ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

– მე პირადად, დოდო გუგეშაშვილზე კარგს ვერაფერს გეტყვი, იმიტომ, რომ „მხედრიონელებიდან“ ბევრს არ გვიყვარდა. მერე ის ამბავიც არის, რომ დოდომ სოფელი დარჩელი ედიკას შეკვეთით გადაწვა, რის გამოც ხალხი გაბოროტდა და თავდასხმის პირველი ვერსია ეგ მეგონა – ალბათ, დარჩელის რომელიღაც მაცხოვრებლის შვილმა ან შვილიშვილმა ესროლა-მეთქი, იმიტომ, რომ ისეთი საშინელებები აქვთ იქ გაკეთებული, რა ვიცი, რა… მაგალითად, მე რომ იმდროინდელი დარჩელელი ვიყო, დოდოს მოვკლავდი.

– საინტერესოა… არადა, ეგ ამბავი დღემდე ბურუსით არის მოცული და რა არის მართალი და რა – ტყუილი, ამის ირგვლივ დღემდე ბევრი კითხვის ნიშანია… შენ „მხედრიონის“, ასე ვთქვათ, პირველნაკადელი ხარ და რა განწყობა იყო თქვენში დოდოს მიმართ? როგორი მებრძოლი იყო? რას აკეთებდა?

– როგორც მეომარი, დოდო ბევრ ბიჭს სჯობდა, კაცო, და ერთ ამბავს მოგიყვები ამის შესახებ: ომის დროს გუმისთაზე რაღაც პატარა ადგილი იყო ასაღები, მე არ ვიყავი იქ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავიგე, რაც მოხდა – «თეთრი არწივის», «შავნაბადას» და გვარდიის შენაერთები იყვნენ იქ და ვერ იღებდნენ იმ ადგილს. მივიდა დოდო თავის 200 ბიჭთან ერთად, პატივისცემის ნიშნად იქვე უცებ ღორი დაკლეს ბიჭებმა, სუფრა გავშალოთო და დოდომ უთხრა, – არაო, ამ ადგილს რომ გავასუფთავებთ, იქ ამოიტანეთ მერე პურმარილიო. ზუსტად 4 საათ-ნახევარში აიღეს ის წერტილი დოდომ და მისმა ბიჭებმა. ნამდვილად მებრძოლი ქალი იყო და ავტომატს ბევრ ბიჭზე უკეთესად ხმარობდა. დარჩელს რაც შეეხება, ერთი ის ვიცი, რომ დოდო თვითონ არ იღებდა გადაწყვეტილებებს, ედუარდ შევარდნაძისგან მისდიოდა ბრძანებები და ასრულებდა. სამწუხაროდ, ჩვენ ბოლოს გავიგეთ, რომ რუსეთის შავ საქმეებს ვაკეთებდით, იარაღითაც რუსეთი ამარაგებდა «მხედრიონს» და მაგიტომ წამოვედით ნახევარი «მხედრიონი». ნუ, «მხედრიონიდან» ვერ წამოხვალ, ეს სულიერი მდგომარეობაა, მაგრამ როცა რაღაცები გავიგეთ, მათთან ერთად საქმის კეთების სურვილი აღარ გვქონდა. «მხედრიონში» თავიდან 80 კაცი ვიყავით და მერე მთელი სოფელი რომ შემოეყარა, მას შემდეგ გაფუჭდა ეს მოძრაობა – ყველა, ვინც იარაღი დაიჭირა, «მხედრიონელი» ვარო, იძახდა. თავიდან ჩვენთან ნამდვილად კარგი ხალხი, კარგი ოჯახის შვილები იყვნენ – მხატვრები, რეჟისორები, ინჟინრები და მე და ჩემი საძმაკაცოც ამიტომ ვიყავით იქ, მაგრამ მერე თავზე რომ გადაიჯ…ვეს, ხალხს რომ აწიოკებდნენ, ჩამოვცილდით ამ ამბავს. ათას ადამიანს ვერ გააკონტროლებ, რა, ვინ რას იზამს და იმ ათასიდან, სამწუხაროდ, 95 პროცენტი აღმოჩნდა ნაბიჭვარი!

– შენ და შენს საძმაკაცოს რატომ არ მოგწონდათ დოდო? რამე კონკრეტული მიზეზი გქონდათ, ალბათ, საამისოდ, ხომ?

– გასაგებია, რომ დოდო მაგარი მეომარი იყო, მაგრამ ომი ქალის საქმე მაინც არ არის, რა. მინახავს მე მისი ომში შევარდნები, გამიგია ბევრი ასეთი მომენტი, მაგრამ არ მსიამოვნებდა ეს ქალი, თავში ჰქონდა ავარდნილი ძალიან. ან თუნდაც, ახლა რომ წერენ ხოლმე დოდოზე, პოლკოვნიკიო – „მხედრიონს“ საჯარისო «ზვანიები» არ ჰქონდა, ანუ წოდებებს არ არიგდება არავინ. მაშინ რისი და რანაირი პოლკოვნიკი იყო? ესე იგი, ან „კაგებეა“, ან შინაგანი ჯარებია, ხომ? რადგან დოდო თადარიგის პოლკოვნიკად არის მოხსენიებული, ესე იგი, ან „სუკია“, ან შინაგანი ჯარები.

– თუ გაქვს ინფორმაცია, რამდენად რეალურია ის ამბები, რაც დოდოს სახელს უკავშირდება ხოლმე ხალხში? დარჩელი ვახსენეთ უკვე და ამ შემთხვევაში, ახალგაზრდების დახვრეტას ვგულისხმობ…

– მე სადაც არ ვყოფილვარ, იმაზე ვერაფერს ვიტყვი კონკრეტულს, ანუ რაც მე ჩემი თვალით არ მაქვს ნანახი, იმას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. ომი იყო, რაღაცები გამიგია, მაგრამ… იგივე ციხის კადრების ამბავი რომ გავიხსენოთ – სანამ კონკრეტულ ადამიანებს არ შეეხოთ ის უბედურება და სანამ ვიდეომასალები არ გავრცელდა, რომელიც მერე მთელმა ქვეყანამ ნახა, მანამდე ხალხს არ სჯეროდა, რომ ციხეში ასეთი რაღაც ხდებოდა. დახვრეტებსა და ასეთ რაღაცებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, მაგალითად, ის ასპროცენტიანად ვიცი, რომ „მხედრიონის“ ჩემი თაობა მაროდიორებს თვითონვე უსწორდებოდა. თუმცა მერე, როგორც გითხარი, მთელი სოფელი შემოიყარა ჩვენთან და აირია სიტუაცია. ნაღდ „მხედრიონელებს“ ყველას მართლა ძალიან სწყდება გული, როცა გაიგეს, რომ რუსეთი შემოდიოდა ჩვენთან იარაღით, დავალებებით. სინამდვილეში, ედიკა იყო „მხედრიონის“ ბოსი და არა ჯაბა იოსელიანი, ჯაბას არ შეუქმნია „მხედრიონი“, ის რამდენიმე თვის ჩამოყალიბებული იყო უკვე, როგორც სტრუქტურა, როცა ჯაბას სთხოვეს, მისულიყო და მისთვის ეხელმძღვანელა.

– ვინ ჩამოაყალიბა თავდაპირველად „მხედრიონი“?

– იყვნენ ასეთი ბიჭები – ვეფხვაძეები, ბოჭორიშვილები, გამყრელიძე, კიკალეიშვილი, ვინც ეს ჩამოაყალიბეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ „მხედრიონის“ პირველ ნაკადში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ. მაგალითად, იყო ასეთი ბიჭი – „წესრიგა“, ასეთი წესიერი და მეომარი ბიჭი საქართველოში ბევრი არ ვიცი. კიდევ არის ერთი დათო ჩაჩანიძე, „მუქთას“ ვეძახით, რომელიც ასევე ძალიან მაგარი მეომარი და წესიერი ბიჭია. მე ვთვლი, რომ ვისაც «მხედრიონის» მედალიონი არ ჰქონია და იძახის, „მხედრიონელი“ ვარო, ის არ არის „მხედრიონელი“.

– თავდასხმის დროს დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი გადარჩა და დღესდღეობით მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. როგორ ფიქრობ, თავად გაუსწორდება თავდამსხმელს?

– იცი, რა არის? შვილმკვდარ დედას არაფრის თავი აღარ ექნება, რა. რაც არ უნდა მაგარი და ძლიერი ქალი იყოს, გარდაცვლილი შვილი სხვა რაღაცაა და დამიჯერე, ეს ამბავი მოკლავს მაგას. ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ დოდოსა და ნოდარს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, 24 საათი ერთად იყვნენ და გადაყვება ამ ამბავს… არ მგონია, შური იძიოს დოდომ, ამის თავი ნამდვილად არ ექნება. ბოლოსკენ ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ხალხს: ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავენ, რადგან «მხედრიონში» ნამდვილად იყო წესიერი ხალხი. მაგალითად, პოლიცია ავიღოთ – იქ ყველა ხომ არაა ნაგავი? იქაც არიან წესიერი ბიჭები. მართალია, „მხედრიონის“ და პოლიციის შედარება არ მოსულა, მაგრამ მაგალითისთვის გეუბნები. „მხედრიონში“ ქართული ერის მხედრული სულით სავსე ბიჭები ნაღდად ძალიან ბევრი იყო, ვისაც მართლა საქართველოს ერთიანობა უნდოდა და მართლა ვინც საქართველოს მტერზე იყო გაბრაზებული. სამწუხაროდ, მერე რუსეთმა, იგივე „კაგებემ“ და იგივე ედიკამ, თავისი ბინძური საქმეების გასაკეთებლად გამოიყენა ეს სტრუქტურა.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close