News დაიჯესტი

““ოცნებამ“ ისე უხარისხოდ იმუშავა,რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოუწია”

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, მმართველმა გუნდმა მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს, არასწორ, მაგრამ უალტერნატივო გადაწყვეტილებას უწოდებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

“პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილზე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი არასერიოზულია იმიტომ, რომ ბოლო წლებში ის ფაქტობრივად ,,ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. დამოუკიდებლობა რითი იზომება, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთებას, თვითონ ჩაიგდო ,,ქართულმა ოცნებამ“ ამ მდგომარეობაში თავი. ძალიან უხარისხოდ იმუშავეს, ინერციით გაყვნენ რაღაც პროცესებს, საბოლოო ჯამში კი მიიღეს სურათი, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, სხვა კანდიდატი ვისი მხარდაჭერაც შეეძლოთ, არ იყო. გასაგები იყო, რომ ,,ოცნება“ ასე მოიქცეოდა. ეს არ იყო სწორი, მაგრამ იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება“, – განუცხადა „2020NEWS“-ს გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, “გამომდინარე იქედან, რომ ,,ქართული ოცნების“ რესურსები ბევრად აღემატება სხვა პარტიების რესურსებს, მაღალი ალბათობით ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. მეორე ტურის ალბათობა გარკვეულწილად რჩება, ყველაფერი კი საარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული“.

ცნობისათვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი ოფიციალურად დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ ამოიწურა. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა კანდიდატმა გამოთქვა.

არჩევნებამდე 40 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელმოწერების წარდგენა შეწყდება.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი არჩევის გზით ბოლო პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close