პოლიტიკა

ზაზა ხატიაშვილი: “გოგა ონიანი პოლიტპატიმარია”

“ახალი თაობის” კითხვებს  ზაზა ხატიაშვილი  პასუხობს.
ზაზა ხატიაშვილი:
– ბატონო ზაზა, გოგა ონიანის დაპატიმრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც ცნობილია, გუშინ ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ონიანს – პოლიტპატიმარს. რას იტყვით თქვენ?
– გოგა ონიანის დაკავებას მეც პოლიტიკურს ვუწოდებ და გეტყვით, რატომ. “ქართულ ოცნებას” მინდა ვკითხო, ხუთმა პოლიციელმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული. მხოლოდ ერთთან, ონიანთან მიმართებით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. დანარჩენი ოთხი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, ჩვენ ჩავუდეთ ნარკოტიკიო, დატოვეს პოლიციაში. ერთ ადამიანს უმწიკვლო მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადეს. ე.ი. “ქართული ოცნება” ამბობს, ნარკოტიკები ვინც ჩაუდო, დავსაჯე და ეს არის ონიანი, ხოლო დანარჩენებს, რომლებმაც თქვეს, რომ “ქართული ოცნება” უყვართ, არ დავსჯიო. ასეთ სულელურ განცხადებებს რომ აკეთებენ, უბრალოდ, სამარცხვინოა.
– ანუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?
– თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, მაშინ ხუთივე ადამიანი დაისაჯოს და ვიტყვით, რომ “ქართულმა ოცნებამ” იფიქრა სამართლიანობის აღდგენაზე. დღევანდელი მიდგომა ასეთია: შენ თუ “ქართული ოცნება” მოგწონს, მაშინ დარჩები სისტემაში, თუ არადა, მკაცრად დაისჯები. თუ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის, მაშინ ის ოთხი ადამიანი რატომ არ არის ციხეში?!
– “ოცნების” ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტები აქვს?
– მე რომ გითხრათ, არა აქვს-მეთქი, დამიჯერებთ?! ოთხი ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ, დიახ, ჩვენ ჩავუდეთ ნარკოტიკი გოგა ონიანის მითითებითო, გოგა ონიანი დაიჭირეს და ამ ადამიანებს მადლობა გამოუცხადეს. თუ “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ დანაშაული მოხდა, მაშინ ყველა ადამიანი რატომ არ დაისაჯა?! მაშინ თავიდანვე ეთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის დროს ვინც დარღვევა ჩაიდინა, თუ ჩვენ მხარეს გადმოხვალთ, არ დაგიჭერთ, ვინც არ გადმოხვალთ, დაგიჭერთ. პოლიციელი, რომელიც ამბობს, ნარკოტიკი ჩავუდეო, რანაირად დატოვეთ სისტემაში, ის ხომ ამას გააგრძელებს!
– ანუ ონიანი დამნაშავეა, მაგრამ ის პოლიციელებიც უნდა დაისაჯონ? ეს არის თქვენი პოზიცია?
– არა, არა. მე არავისზე არ ვამბობ, რომ დამნაშავეა. უზენაეს სასამართლოში უნდა გამოვიდეს საბოლოო განაჩენი. დღეს რომ აკეთებენ “ოცნების” წევრები განცხადებას, რომ დიდი ხნის წინ უნდა დაეჭირათ, მაშინ რატომ ისინი არ დაიჭირეთ, ვინც აცხადებდა, ნარკოტიკები ჩვენ ჩავუდეთო? ეს ორმაგი სტანდარტია! მე ვარ ადამიანის უფლებების დამცველი, ამიტომ, სანამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, ონიანის ბრალეულობაზე ვერ ვიმსჯელებ. “ქართულმა ოცნებამ” კი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.
– საიდან ჩანს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია?
– მათი განცხადებებიდანაც აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურია. ხუთი დამნაშავიდან თუ მხოლოდ ერთს სჯი, შენ ხარ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო! იმიტომ უნდათ იქ მურუსიძე და ჩინჩალაძე, რომ ასეთ საქმეებზე განაჩენები დააყენონ. არავინ ხმას ამოიღებდა და არავინ იტყოდა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ ყველა პროკურორი, ყველა პოლიციელი, რომლებიც უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ, პასუხს აგებდა. რადგან ონიანი მათ არ დაემორჩილა და ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს იცავდა, ამიტომ არის დამნაშავე.
– ანუ ონიანი პოლიტიკური პატიმარია?
– ჩემი შეფასებით, გოგა ონიანი პოლიტპატიმარია.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close