News დაიჯესტი
ვოლოდიმირ ზელენსკი – სუმიზე თავდასხმას, არ შეიძლება, ეწოდოს „შეცდომა“, როგორც ეს ტრამპმა თქვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა დონალდ ტრამპის რეაქცია რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სუმიზე თავდასხმის „შეცდომად“ შეფასების შესახებ ტრამპის განცხადება არასწორია.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, სხვა პარტნიორები უფრო მკაცრად გამოეხმაურნენ ამ ფაქტს.
„ვფიქრობ, ადმინისტრაციის რბილი რეაქცია მიუთითებს იმ პოლიტიკის გაგრძელებაზე, რაც დღეს არსებობს. ვფიქრობ, მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი დიპლომატია, ეს ფორმატი იმუშავებს ომის შესაწყვეტად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სუმიზე თავდასხმას, არ შეიძლება, შეცდომა ეწოდოს, რადგან ეს ქალაქის ცენტრში განხორციელდა და არა ფრონტის ხაზზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში იყო შეცდომა.
„ვფიქრობ, რომ ეს საშინელება იყო და მითხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ ვფიქრობ, ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, ამ ომის დაწყება არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს ქვეყანა არასოდეს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ავტორი – თინათინ მიგინეიშვილი