პოლიტიკა

იან კელი: ეს სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არავის წინააღმდეგაა მიმართული და მისი მიზანია, საქართველოს დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.

ელჩის განმარტებით, სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ.

აღნიშნული განცხადება იან კელიმ რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„ეს სამხედრო წვრთნები არავის წინააღმდეგაა მიმართული.სწავლების მიზანია საქართველოს დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის სამშვიდობო ოპერაციებში. მათ შორის ავღანეთში. სწავლებაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. ასე რომ, ეს სამხედრო სწავლება არ არის აგრესიული სიგნალი რომელიმე ქვეყნის მიმართ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, განამტკიცოს საკუთარი სუვერენიტეტი“,-აღნიშნა იან კელიმ.

საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close