ALL დაიჯესტი

10 უმდიდრესი ქართველი პოლიტიკოსი

ძნელია იმის თქმა, პოლიტიკოსები უფრო ხშირად მიდიან ბიზნესში თუ ბიზნესმენები პოლიტიკაში. ფაქტია, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ბევრი მილიონერია.

დავით ბეჟუაშვილი უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრია. თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა. მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 1994 წლიდან ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზე რეგისტრირებული ორი კომპანიის პარტნიორია, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს ფლობს. ინდუსტრიული ჯგუფის საკუთრებაა 8 ჰიდრო- და 1 თბოელექტროსადგური, შპს “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი”, რომელიც ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს ფლობს, შპს “ტიფლის სითი”, ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა, “ქართული ლუდის კომპანია” და “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია”.  ჰოლდინგის მონაცემებით, ენერგოკომპანიების გამოკლებით, სხვა შვილობილი კომპანიების შემოსავალმა მხოლოდ 2011 წელს 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივებმა კი – 105 მილიონი ლარი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დამოუკიდებელი დეპუტატის, დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ორი ბინა დმანისში, სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ განთიადში, ასევე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წავკისში. მეუღლის, ლინა თოფურიას, საკუთრებაა ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. კახა ოქრიაშვილი სს “ელექტრონიკის” აქციონერია. მისი დაფუძნებულია შპს “პსპ ფარმა” და შპს “ჯეომედი”. მხოლოდ “პსპ”-დან მიღებულმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 6 მილიონი ლარი შეადგინა. არაოფიციალური მონაცემებით, კახა ოქრიაშვილის ქონება დაახლოებით 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია 2008 წლიდან შპს “სისტემ-ნეტის” პარტნიორია. დეპუტატი პარლამენტში მაინცდამაინც არ აქტიურობს. არაოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება 250 მილიონ დოლარად ფასდება.

ზურაბ ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, აქვს ბინა, რომლის ფართობი 205 კვმეტრია, მის მფლობელობაშია ასევე 348 კვმ მიწის ნაკვეთი ჭავჭავაძეზე, მსუბუქი ავტომანქანა “პეჟო 607” და სს “თბილხელსაწყოს” ფასიანი ქაღალდები 68.500 დოლარის ოდენობით. ტყემალაძე შპს “საამოსა” და შპს “აგუნას” პარტნიორია. არაოფიციალურად, ტყემალაძის ქონება დაახლოებით 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კობა ნაყოფია, ბოლნისის მაჟორიტარია და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს. 7 ავტომობილი, აგარაკი კანარის კუნძულებზე და ლადო გუდიაშვილის 2 ფერწერული ტილო – ეს ნაყოფიას ქონებრივი დეკლარაციის მხოლოდ მცირე ნაწილია. არაოფიციალური მონაცემებით, ქართველი პარლამენტარის ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 2004-2008 წლებში ნაყოფია სააქციო საზოგადოება “მადნეულის” გენერალური დირექტორი იყო, ხოლო 2006-2008 წლებში – შპს “კვარციტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მისი შვილის, ნიკოლოზ ნაყოფიას, სახელზეა გაფორმებული კომპანიები ვირჯინიის კუნძულებზე, ამერიკასა და საქართველოში. მათ შორის არის კომპანია “გოლდინვესტი”, რომელმაც წლების წინ ზარაფხანა იყიდა.

გოგი თოფაძე
 პარლამენტში საარჩევნო ბლოკის, “ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნება” სიით მოხვდა. 2013 წელს შედგენილ 50 უმდიდრესი ქართველის სიაში 33-ე ადგილზე იყო. წლების განმავლობაში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და არაერთი კომპანიის პარტნიორი იყო. ამავე დროს პოლიტიკურ მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, შემდეგ კი “მრეწველთა” ფრაქციის ხელმძღვანელი გახდა. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციით თოფაძის მფლობელობაშია 10 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი მცხეთაში, ასევე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, ბინა ვაკეში – მცხეთის ქუჩაზე. მისი მეუღლის, მარინა თოფაძის, სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთები წყნეთში. თოფაძეების ოჯახს ეკუთვნის 2010 წელს გამოშვებული ავტომობილი “მერსედეს ბენცი” და ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო. გოგი თოფაძე სს “ყაზბეგის” აქციონერია. კომპანიაში მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება 584.608 ლარია. თოფაძეს რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი “ქართუ ბანკში”. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თოფაძისა და მისი ოჯახის ქონება 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. მისი საკუთრებაა ბინები თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, წყნეთსა და ბათუმში, არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი ყიფშიძის ქუჩაზე. გარდა ამისა, დეპუტატი ფლობს მიწის ნაკვეთს ამბროლაურის რაიონში. მისი მეუღლის, დეა ენუქიძის, საკუთრება მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და საგურამოში. ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Volkcwagen.2012. FXF101. გოჩა ენუქიძე 36 კომპანიის პარტნიორია, მათ შორის “იბერკომპანი ირაოს”, “იბერკომპანი იოლის”, შპს “ბანის”, “იბერკომპანი პეტროლიუმის”, “იბერია თრეიდინგის”, “იბერია ავტოჰაუსის”, “იბერია მოტორსის” და სხვა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ენუქიძის ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გოგი ლიპარტელიანი ლენტე­ხის მაჟორიტარი დეპუტატია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი წყნეთში, ხოლო მისი მეუღლის, ნაზი ლიპარტელიანის, მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი თბილისსა და მცხეთაში, ასევე მიწის ნაკვეთები თბილისსა და წავკისში. გოგი ლიპარტელიანი ს/ს ,,ელექტროავტომატში” 57.430 დოლარის ღირებულების აქციის მფლობელია, მისი მეუღლე კი – ამავე კომპანიაში 34.714 დოლარის აქციისა. გოგი ლიპარტელიანის მეუღლე რამდენიმე კომპანიის პარტნიორია. ესენია: შპს ,,სპეროზა”, შპს ,,გამა+”, შპს ,,ტრანსგაზი”, შპს ,,ბიოსფერო”+. ლიპარტელიანის სახელს 500-მილიონიან ქონებას უკავშირებენ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძის უძრავი ქონებაც შთამბეჭდავია: საცხოვრებელი ბინები, სახლები და მიწის ნაკვეთები უკრაინასა და საქართველოში. ფლობს 5 ძვირად ღირებულ ავტომობილსა და მოტოციკლ HARLEY DAVIDSON SPRINGER-ს. აქვს ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის სამ-სამი ფერწერული ტილო, ასევე მიმდინარე ანგარიშები საქართველოსა და უცხოურ ბანკებში, მათ შორის 4 მილიონი ევრო შვეიცარიულ ბანკ ჟიულიუს Bაერ-სა და 3,8 მლნ დოლარი იტალიურ “ინტეზა სან პაოლოში”. კახა კალაძე კვიპროსში რეგისტრირებული “Kala Capital Limited”-ის პარტნიორია, ასევე ფლობს წილებს უკრაინაში რეგისტრირებულ “იუკასა” და “ნესტ გრუპში”. სხვადასხვა ინფორმაციით, მისი ქონება დაახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენს.

“ქართული ოცნების” ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს, ვენესუელაში, მარგარიტას კუნძულზე, 160 კვმ ფართობის ბინა და 53 300 კვმ მიწის ფართობი ეკუთვნის. მისი მეუღლის, დანგუოლე გელაშვილის, სახელზეა გაფორმებული ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში, არსებული 720 კვმ ფართობის ბინა. ვალერი გელაშვილის დეკლარირებულ ქონებაში შედის “ტოიოტასა” და “ჰამერის” მარკის ავტომობილები, ფასიანი ქაღალდები და თბილისში, რუსთაველის პროსპექტის #14-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი, სადაც მან რამდენიმე ბინა შეისყიდა. მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული კიდევ ერთი ბინა თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე. დეკლარაციაში, ნაღდი ფულის გრაფაში, გელაშვილმა მილიონ 300 ათასი ლარი მიუთითა, ხოლო კრედიტად – 353 ათასი დოლარი. მის მიერ ლიტვაში დაფუძნებული კომპანიის მფლობელი ამჟამად მისი მეუღლეა, ხოლო შვილობილი კომპანიების მფლობელი მისი ვაჟი – ვალერი გელაშვილი. არაოფიციალურად, მისი ქონება 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

წყარო: გაზეთი პალიტრანიუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close