ხვალიდან თბილისში მგზავრობის ფასი 1 ლარი ხდება! – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

ხვალიდან თბილისში მგზავრობის ფასი 1 ლარი ხდება!

ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს კი  მთლიანად ანაცვლებს ლურჯები, რომლებიც ერთიან სატრანსპორტო სისტემაშია

ხვალიდან, პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი (90-წუთიანი) საფასური ორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ეღირება. ძალაში რჩება როგორც მეტრომანებით, ისე საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის იმოქმედებს აბონემენტები – შესაბამისი სამგზავრო ბარათები მეტროსადგურებში უკვე იყიდება. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს კი  მთლიანად ანაცვლებს ლურჯები, რომლებიც ერთიან სატრანსპორტო სისტემაშია.

ულიმიტო 90-წუთიანი ბარათის ღირებულება 1 ლარი იქნება – ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა არ სჭირდებათ. მოქალაქეს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით – მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება. აბონემენტის მფლობელი 90-წუთის განმავლობაში ტრასპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის.

“მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება 1 ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა”. – აცხადებს თბილისის მერია.

ულიმიტო 1-დღიანი ბარათის ღირებულება 3 ლარი იქნება. 1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს.

ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი 20 ლარი ეღირება – მოქალაქეს შეეძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 კვირის განმავლობაში 20 ლარად იმგზავროს. კახა კალაძის განმარტებით, ბარათი, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათებია გათვლილი, რომლებიც “ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყობს მოქალაქეების ტრანსპორტირებას”.

ულიმიტო 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება – მფლობელს შეეძლება, თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40 ლარად იმგზავროს. “ეს, ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება”. – ამბობს კალაძე. მისივე სიტყვებით, მათი კვლევებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, მათი თვიური დანახარჯი კი 40-60 ლარია.

ულიმიტო 3-თვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება და, კალაძის თქმით “კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს”.

6-თვიანი ულიმიტო ბარათის ფასი, კალაძის თქმით, 150 ლარი იქნება.

1-წლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარი იქნება.

 

უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვებს.

20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები და სხვა.

10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close