POSTS დაიჯესტი

“ჩერგოლეიშვილს რევოლუცია და პუტჩი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია”,-კონსტანტინე გამსახურდია

თამარ ჩერგოლეიშვილი: “ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.”

 

აჰა. მაშასადამე 1992 წლის 6 იანვარს “რევოლუცია” დასრულებულა, ცხადია “რევოლუციონერთა” გამარჯვებით. “სისხლიანი,” მაგრამ მაინც რევოლუცია.

 

ოღონდ ხალხის მასები, რომელთაც ეს “რევოლუცია” მოეწყოთ, არსად ჩანდნენ. სამაგიეროდ კადრებში ჩანდა მბოლავი, დალეწილი და ალმოდებული მთავრობის სასახლე, მის წინ ირეოდნენ ნიღბებიანი და უნიღბო ტიპები, რომლებიც გამარჯვების ნიშნად შამპანურებს ხსნიდნენ და კალაშნიკოვებს აკაკანებდნენ ჰაერში. ხალხი, ხალხი არსად ჩანდა, ვინც ეს “რევოლუცია” მოაწყო: ის ერთი ნაწილი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო, ამ რევოლუციურ პროცესთა წარმმართველი. და სად იყო ხალხი? ხალხი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ითხოვდა, იხვრიტებოდა იქვე, მთავრობის სასახლესთან, დიდუბის მეტროსთან, ვაგზლის მოედანზე, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე…. ყველგან. იხვრიტებოდა იგივე ნიღბებიანი და უნიღბო, კალაშნიკოვებიანი რემბოების მიერ.

 

და ამ რემბოებს საიდან ჰქონდათ ამდენი იარაღი, ტანკები, რაკეტები, ჯავშანმანქანები და რაც მთავარია, პერსონალი, რომელიც ვირტუოზულად მართავდა ამ ტექნიკას რუსთაველზე? საიდან და “ზაკვოდან”, ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოკრუგიდან. მათთვის მუშაობდნენ სპეციალისტები – რუსული სპეცრაზმი “ლეტუჩეე მიშ” (ღამურები) და ზაკვოში მორიგე გენერლები ბეპაევი და ივანენკოვი. აი ასეთი “რევოლუცია” გვქონდა.

 

ბოლოს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ “დიდმა პოლიტიკოსმა” შემოიტანა ფორმულა “ყველას მინუს ერთი” – ის ერთი განდევნილი ხელისუფალი და დამხობილი სახელისუფლებო პარტიები იყო. ამით ამომრჩევლის მინიმუმ 70 % არჩევნებიდან და პოლიტიკური პროცესიდან ჩაიხსნა. სამეგრელო კი, მთელი კუთხე კოლექტიურად დაისაჯა კანონიერების იდეის ერთგულებისთვის.

 

ამრიგად ვერ გაურჩევია ქ-ნ თამარს რევოლუცია და პუტჩი ერთმანეთისგან. თან რა დიდებული ხალხის ჩართულობით. ეს ორი ცნება ისევე არ არის ერთი და იგივე, როგორც რაიკომის მდივანი ან ცეკას მდივანი ერთპარტიულ, ტოტალიტარულ სისტემაში “პოლიტიკოსად” ვერ მოინათლება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close