“ჯეო დაიჯესტის რედაქტორს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია”- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

“ჯეო დაიჯესტის რედაქტორს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია”- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ არ დაადგინა 1 და 11 პრინციპის დარღვევა რუსუდან გვაზავას სტატიაში, რომელშიც საუბარია  ალექსანდრე ბეჟენცევის მხრიდან რუსულენოვანი გაზეთის რედაქტორზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ქარტიის განცხადების თანახმად, ადგილი არ აქვს არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.

”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ალექსანდრე ბეჟენცევმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებ-გვერდზე geodigest.ge გამოქვეყნებულ სტატიაში “Я покончу с Мирандой” – რატომ ემუქრებოდა რუსეთის ПРАВФОНД-ის პარტნიორი საქართველოში გაზეთის რედაქტორს? დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალისტი რუსუდან გვაზავა”, – წერია ქარტიის საიტზე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, ”მოპასუხე რუსუდან გვაზავამ წარმოადგინა ორი აუდიო ჩანაწერი, რომლის თანახმად, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი როგორც ალექსანდრე ბეჟენცევთან, ისე მის წარმომადგენელთან, კერძოდ ჟურნალისტი დაუკავშირდა მათ, რათა მიეღო პასუხები და აესახა ისინი ჟურნალისტურ პროდუქტში”.

სტატიაში ასახულია, როგორ აიძულებდა ორგანიზაცია ПРАВФОНД-ის – Фонд поддержки и защиты прав соотечественников “https://www.facebook.com/pravfond.ru/”  პარტნიორი და საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბეჟენცევი გაზეთ “Соотечественник”-ის (“თანამემამულეს”) მთავარ რედაქტორს მირანდა ოგანეზოვას შეუარცხმყოფელი, მაკომპრომეტირებული სტატიის დაწერას. მასალაში აღნიშნული იყო, რომ ბეჟენცევს მისი ერთ-ერთი კოლეგა КСОРСГ -დან ადანაშაულებდა ფინანსურ მაქინაციებში, იარაღის უკანონო გამოყენებაში, რის გამოც პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. ამიტომ ჟურნალისტს მასზე როგორც ფსიქიკურად დაავადებულზე და სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენელზე უარყოფით კონტექსტში უნდა დაეწერა.

ჟურნალისტი რუსუდან გვაზავა დაუკავშირდა ბეჟენცევს, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

გვაზავა აღნიშნავს, რომ ამ საუბრის შემდეგ მას თავად დაურეკა ალექსანდრე ბეჟენცევის წარმომადგენელმა ნელი ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ მირანდა ოგანეზოვა არ მუშაობდა გაზეთ “Соотечественник”-ს (“თანამემამულე”) რედაქტორად და ის უბრალოდ ავსებდა ბიულეტენს, რომელიც არსად არ ვრცელდება. ნელი ქართველიშვილი გახლდათ ასევე ალექსანდრე ბეჟენცევის წარმომადგენელი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში გამართულ საქმის განხილვის დროს, სადაც მან ბეჟენცევის პოზიცია გაახმოვანა.

“სტატიის მომზადების პროცესში მე დამიკავშირდა ქალბატონი ნელი ქართველიშვილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მირანდა ოგანეზოვა ავსებდა КСОРСГ-ის (ქსორსგ)  ბიულეტენს, რომელიც არსად არ ვრცელდებოდა, და რომ, ოგანეზოვა გაზეთ “თანამემამულე”-ს რედაქტორი არ იყო. მისი მტკიცებით, ეს გამოცემა გაზეთი არ არის. “ეს არაფერი არ არის, ინფორმაციული ბიულეტენია და ეს ხელმძღვანელობის (ქსორსგ) პოზიციაა. რა თქმა უნდა, ეს დაფიქსირებულია, რომ არ ვრცელდება და გაზეთი არ არის, არც არაფერია”, – განაცხადა ქართველიშვილმა. მან თავიდანვე აღნიშნა, რომ ის ალექსანდრე ბეჟენცევის წარმომადგენელი, ადვოკატი არის. ქართველიშვილმა ასევე განაცხადა, რომ “ოგანეზოვა ჟურნალისტად არ მუშაობდა და გაზეთ “არგუმენტი და ფაქტი”-ში მუშაობა ჩვენს შემდგომ (ქსორსგ, “თანამემამულე”) დაიწყო”, – ამბობს გვაზავა.

ქარტიაში განხილვის დროს ბეჟენცევის წარმომადგენელმა პირველ რიგში გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ბეჟენცევის ცენტრი ნახსენებია, როგორც ПРАВФОНД-ის პარტნიორი.  ამ ინფორმაციას ის არასწორს, დამახინჯებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სტატიაში უნდა ასახულიყო ის ფაქტი, რომ ბეჟენცევი დაფინასებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან იღებს.

სტატიაში, რომლის გამოც ბეჟენცევმა ქარტიას მიმართა, აღწერილი იყო, რომ ის ჟურნალისტზე ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა: ფსიქოლოგიური პრესინგი, დისკრედიტაცია, არამოტივირებული პრეტენზიები იმ მიზნით, რომ აიძულოს რედაქტორი სამსახურიდან წასულიყო.

როგორც სტატიაში КСОРСГ-ის სარევიზიო საბჭოს თავმჯდომარე, იურისტი მარინე ბაბუნაშვილი ამბობდა, რომ КСОРСГ-ში შემავალი ორგანიზაციები დადებითად აღნიშნავენ ოგანეზოვას მიერ გაწეულ დიდ სამუშაოს გაზეთ «Соотечественник»-ის და ზოგადად საბჭოს იმიჯისათვის, საბჭოს თავმჯდომარემ ნ.სვენტიცკიმ პირადად გადასცა მადლობის სიგელიც: “საბჭოს ყველა წევრი აცნობიერებდა პრობლემის შინაარსს, რომელიც წარმოიშვა არაუფლებამოსილი პირის მიერ სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო”.

სოხუმიდან ლტოლვილი, იურისტი  ლარისა აგაბალაევა აღნიშნავს, რომ რედაქტორის წასვლის შემდეგ ბეჟენცევმა მისი ადგილი თვითნებურად დაიკავა.

აგაბალაევაც ბეჟენცევის მხრიდან შევიწროების მსხვერპლი გახდა და წინასაინფარქტო მდგომარეობამდე იყო მიყვანილი. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ რუსულენოვანი საზოგადოების КСОРСГ-ის წევრები ასევე აპროტესტებენ ბეჟენცევის ქსენოფობიურ განცხადებას: “ზედმეტად ბევრი ხომ არ არის ამ ბოლო დროს ადამიანი, სლავური ეროვნებისაც კი არაა…”  და ხაზს უსვამდა, რომ თავად “დედით, მამით, ბაბუით რუსია”.

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად:  „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ქარტიის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია:

“ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა გასწია ძალისხმევა იმისათვის, რომ მკითხველისათვის მიეწოდებინა ორივე მხარის პოზიცია, კეთილსინდისიერად მიუთითა ბეჟენცევის წარმომადგენელის კომენტარი, შესაბამისად, გამოირიცხება ჟურნალისტის მიერ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა. ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. როგორც აღინიშნა, საბჭომ არ დაადგინა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად გამოირიცხა მე-11 პრინციპის დარღვევაც: თუ ადგილი არ აქვს არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას [წინაპირობა], შესაბამისად,  ვერც განზრახვაზე იქნება საუბარი”.

 


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close