ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი
“Я покончу с Мирандой” – რატომ ემუქრებოდა რუსეთის ПРАВФОНД-ის პარტნიორი საქართველოში გაზეთის რედაქტორს?
"Соотечественник"-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მირანდა ოგანეზოვა პროკურატურას ახალ მასალებს აწვდის, რომელიც გაზეთში მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
- ნახვები16470
- ლაიქები35
“Соотечественник”-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მირანდა ოგანეზოვა პროკურატურას ახალ მასალებს აწვდის, რომელიც გაზეთში მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
როგორ იცავს თანამემამულეებს ПРАВФОНД-ი(პრავფონდი)?
ორგანიზაცია ПРАВФОНД – Фонд поддержки и защиты прав соотечественников” (თანამემამულეთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი) მოსკოვში 2012 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სააგენტო Россотрудничество. ფონდი მსოფლიოში რუსეთის მოქალაქეების და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად შეიქმნა. ამისთვის ის ათეულობით ქვეყანაში არსებულ ორგანიზაციებს აფინანსებს. დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით, ფონდმა საქართველოში არა ერთი, არამედ ორი სამართლებრივი დაცვის ცენტრის დაფინანსება გადაწყვიტა, და ორივე თბილისში მდებარეობს. ერთ-ერთი ცენტრის დირექტორია ალექსანდრე ბეჟენცევი, რომელიც საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის მოადგილეა.
ოგანეზოვას განმარტებით, ამ უფლებადამცველისგან ჟურნალისტი თვითონ გახდა დასაცავი.
“ბეჟენცევმა მომთხოვა შეუარცხმყოფელი, მაკომპრომიტებელი სტატიის დაწერა თავის ყოფილ კოლეგაზე, მიხეილ ტატევოსოვზე. ბეჟენცევს ის ადანაშაულებდა ფინანსურ მაქინაციებში, იარაღის უკანონო გამოყენებაში, რის გამოც ტატევოსოვის თქმით მას პირობითი სასჯელი ჰქონდა.
“ბეჟენცევმა ბრალდებებს თავად არ გასცა პასუხი და ამის ნაცვლად, მან მომთხოვა, არაეთიკური, სტატიის დაწერა მიხეილ ტატევოსოვზე. ბეჟენცევის მოთხოვნით, სტატიაში ტატევოსოვი უნდა გამომეყვანა ფსიქიკურად ავადმყოფი და ასევე უნდა მომეხსენებინა სექსუალურ უმცირესობად კერძოდ, ტატევოსოვზე უნდა დამეწერა, რომ ის არის გეი. თუკი ამ მოთხოვნას არ შევასრულებდი, გაზეთის დატოვებას მაიძულებდა “, – ყვება ჟურნალისტი.
ოგანეზოვამ ურჩია ბეჟენცევს თავისი ცენტრის იურისტისთვის მიემართა. ბეჟენცევის თქმით კი, მას მირანდასნაირი ”პროფესიონალი სჭირდებოდა”. მან განუმარტა ჟურნალისტს, რომ თავად პასუხის გაცემა არ უნდა, “რადგან ციხეში არ სურს წასვლა”.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც განიხილავდა ოგანეზოვას განცხადებას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია ალექსანდრე ბეჟენცევის თხოვნა ოგანეზოვას დაეწერა სტატია ამგვარი ფორმით, მიხეილ ტატევოსოვის შესახებ. ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არცერთი მასალა არ მიუთითებს, რომ აღნიშნული მირანდა ოგანეზოვას მოვალეობა იყო.
ომი საქმის ნაცვლად?
ბეჟენცევი ზეწოლის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, ყვება ჟურნალისტი. ფსიქოლოგიური პრესინგი, დისკრედიტაცია, არამოტივირებული პრეტენზიები იმ მიზნით, რომ აიძულოს რედაქტორს სამსახურიდან წასვლა. ოგანეზოვა აღნიშნავს, რომ КСОРСГ-ის საიტზე იძულებითი შრომის მეშვეობითაც ბეჟენცევი ქმნიდა მტრულ, დამამცირებელ გარემოს: ან უნდა დაეტოვებინა სამსახური, ან დამორჩილებოდა ბეჟენცევის უკანონო მოთხოვნებს.
“მაგალითად, ის თავად იყო პასუხიმგებელი საბჭოს საიტის მუშაობაზე, მაგრამ მე მავალდებულებდა უფასოდ მუშაობას. თავდაპირველად ხელფასს შემპირდა, შემდეგ, როცა უარი განვუცხადე, მაშანტაჟებდა, თუ საიტზე არ დავწერ, მაშინ გაზეთიდან მომიწევდა წასვლა. ამავე დროს სვენტიცკისთან ერთად ბეჟენცევი შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციას თავად სთხოვდა დაფინანსებას საიტისთვის”, – გვიხსნის ოგანეზოვა.
გარდა ამისა, მირანდა აღნიშნავს, ბეჟენცევი უხეშად ერეოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში და ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს. ”ჩვენთან მიდის უზარმაზარი ომი, ამიტომ უნდა იცოდე ვისზე შეიძლება დაწერო და ვისზე არა”. მაგალითად, ჯერ ითხოვდა “უკვდავ პოლკზე” ან ვეტერანებთან შეხვედრის შესახებ რეპორტაჟს, მათი გამოსვლის შემდეგ კი განთავისუფლებით იმუქრებოდა.
საბჭოს ხელმძღვანელს ნ. სვენტიცკის ჟურნალისტმა უშედეგოდ რამდენჯერმე მიმართა, ამიტომ გადაწყვიტა პრობლემების შესახებ საბჭოს აღმასკომს გააცნოს.
ოგანეზოვა განმარტავს, რომ შემდეგ ალექსანდრე ბეჟენცევი სენაკელ თანამემამულესთან ლარისა აგაბალაევასთან საუბარში იმუქრებოდა, რომ მალე მირანდას გაუსწორდებოდა: “Скоро я покончу с Мирандой” (Миранда Оганезова).
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი რამ მიუღებელია და წერს, რომ ურთიერთობა ნამდვილად გამწვავებული იყო.
КСОРСГ-ის მორიგ ღონისძიებაზე სვენტიცკიმ და ბეჟენცევმა რედაქტორი აღარ შეუშვეს, მან 2019 წლის 13 ნოემბერს დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ასეთ გარემოებებში მუშაობა არ შეუძლია.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხასდებაშია აღნიშნული, ბეჟენცევს და ნიკოლაი სვენტიცკის არ წარმოუდგენიათ დამაჯერებელი არგუმენტაცია, რატომ არ ჰქონდა ოგანეზოვას სხდომაზე დასწრების უფლება: ”გარდა ამისა, 2019 წლის 18 სექტემბერს განმცხადებელი (ოგანეზოვა) აირჩიეს სამუშაო ჯგუფის წევრად, რომელსაც 13 ნოემბრის სხდომაზე დებულების ახალ პროექტზე უნდა ემუშავა. ამ პირობებში, მით უმეტეს, ბუნდოვანია სხდომაზე არდაშვება. შესაბამისად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის კრებაზე დასწრება ოგანეზოვას უკანონოდ შეეზღუდა”.
საბჭოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, იურისტი მარინე ბაბუნაშვილი ამბობს, რომ КСОРСГ-ში შემავალი ორგანიზაციები აღნიშნავენ ოგანეზოვას მიერ გაწეულ დიდ სამუშაოს გაზეთ «Соотечественник»-ის და ზოგადად საბჭოსა და ორგანიზაციებისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად. 2018 წელს მას საბჭოს თავმჯდომარემ პირადად გადასცა მადლობის სიგელიც.
“საბჭოს ყველა წევრი აცნობიერებდა პრობლემის შინაარსს, რომელიც წარმოიშვა არაუფლებამოსილი პირის მიერ სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო”, – თვლის ბაბუნაშვილი.
მირანდა ოგანეზოვა ასევე აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბეჟენცევმა დაიწყო მტკიცება პრიმიტიული ვერსიით, რომ „თანამემამულე“ გაზეთი და ჟურნალისტური ნაშრომი არ არის. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ 2017 წელს გაზეთ “თანამემამულეს” მინიჭებული აქვს შტრიხ კოდი, გამოცემა იყიდება და მისი ხელმოწერა შეიძლება.
ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ბ-ნ ლამბერტო ზანიერი კი აღნიშნავდა, გაზეთი მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის.
”ზედმეტად ბევრი არასლავი ადამიანი”?
იურისტი ლარისა აგაბალაევა აღნიშნავს, რომ რედაქტორის წასვლის შემდეგ ბეჟენცევმა მისი ადგილი თვითნებურად დაიკავა.
აგაბალაევას თქმით, ისიც ბეჟენცევის მხრიდან შევიწროების მსხვერპლი გახდა. რუსეთის ინტერესთა სექციაში გამართულ კრებაზე წინასაინფარქტო მდგომარეობამდე იყო მიყვანილი. მანამდე ლარისა აგაბალაევას სახელით, რომელიც სოხუმიდან ლტოლვილია, ბეჟენცევმა ოპონენტ ტატევოსოვს მისწერა წერილი, სადაც მის ონკოლოგიურ დაავადებაზე, ინვალიდობაზე და ა.შ. წერდა, და იმუქრებოდა, რომ ტატევოსოვს სასამართლოში უჩივის… სენაკელმა ქალბატონმა ეს ფაქტი წერილობით გააპროტესტა.
ამის შემდეგ, აგაბალაევას თქმით, ბეჟენცევი მას ერთერთი თანამემამულეს მეშვეობით აიძულებდა წერილის ავტორობა თავის თავზე აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში КСОРСГ-ი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას ყველა პროექტს დაუბლოკავდა და საბჭოდან გარიცხავდნენ. აგაბალაევა აღნიშნავს, რომ ყველაფერი კეთდებოდა, რომ სენაკში მისი დისკრედიტაცია მოეხდინათ. მისი პროექტები КСОРСГ-ში კი ნამდვილად შეჩერებულია.
რუსულენოვანი საზოგადოების КСОРСГ-ის წევრები ასევე აპროტესტებენ ბეჟენცევის ქსენოფობიურ განცხადებას. აგაბალაევა განმარტავს, როცა ადამიანებმა თავის უფლებების შელახვაზე ალაპარაკდნენ, ბეჟენცევმა მათ მისწერა წერილი, სადაც აღნიშნავდა – “ზედმეტად ბევრი ხომ არ არის ამ ბოლო დროს ადამიანი, სლავური ეროვნებისაც კი არა…” და ხაზს უსვამდა, რომ თავად “დედით, მამით, ბაბუით რუსია”. ამ წერილში ბეჟენცევი ასევე წერს, რომ ”ოგანეზოვას ბოლო უნდა მოეღოს ჩვენს მოძრაობაში” (поставить крест на Оганезовой).
აგაბალაევას აზრით, ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბეჟენცევი არღვევს ადამიანის უფლებებს და ამავე დროს თანამემამულეების უფლებების დაცვის ცენტრს ხელმძღვანელობს.
ჩვენ დავუკავშირდით ალექსანდრე ბეჟენცევს და ვთხოვეთ კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ საკითხზე, თუმცა მან უარი განაცხადა. მოგვიანებით კი დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ ბეჟენცევის წარმომადგენელია, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. ქალბატონის განცხადებით: ბეჟენცევის პასუხი გამოქვეყნებულია ქარტიის გვერდზე და მისი განცხადებით, “თანამემამულე” არ არის გაზეთი და არის საინფორმაციო ბიულეტენი. იხ: ბმული :ქარტიის საბჭოს პოზიცია საქმეზე მირანდა ოგანეზოვა ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ