POSTS დაიჯესტი

“100 ცნობილი ქალის წერილი, მამაკაცის კომპლიმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევად”

 

არა მარადიულ მსხვერპლს, ანუ 100 ცნობილი ქალის წერილი საფრანგეთში.

თემას დავიწყებ მსუბუქ გურულ სტილში დაწერილი ერთი თანამედროვე სიმღერის ასეთი სტროფით, სადაც მასპინძლის გოგოზე ნათქვამია:

“მერე ერთი გამიღიმა,
სული დამალევინა,
გოგო ერთი მაკოცნინე
მამიშენის ცხონებამ”

სტოპ:

ეს თანამედროვე დასავლეთში გავრცელებული ერთი მიდგომის მიხედვით უკვე “ჰარასმენტია”, რისი მნიშვნელობაც ქალის შეწუხებაა, მასზე აკიდებაა მისი ცდუნების თუ დაუფლების მიზნით. ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში “ჰარასმენტის” წინააღმდეგ მიდის კამპანია me too ანუ “მეც ასევე” და განხილვის დონეზეა ისეთი კანონის ინიცირება, რომელიც თვით უმცირეს ძალისხმევას აქეთკენ აღკვეთავს. შვედეთში კი სულაც იღებენ თუ უკვე მიიღეს კანონი, სადაც სქესთა შორის რაიმე კონტაქტს წინ უნდა უძღოდეს ქალის მხრიდან წერილობითი თანხმობა. აქ ისმის კითხვა, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი? ან სად გადის “ჰარასმენტის” საზღვრები?

საღი აზრის პასუხმა დიდხანს არ დააყოვნა და იგი საფრანგეთიდან მოვიდა, ქვეყნიდან, სადაც სქესთა შორის ძველი, კეთილი ურთიერთობების შარმი და ელვარება ჯერ კიდევ ცოცხლობს. ეს არის 9 იანვარს გამოქვეყნებული 100 ცნობილი ქალის წერილი, რომელსაც სათავეში უდგას მსახიობი კატრინ დენევი, ფსიქოანალიტიკოსი სარა შიში, მწერალი კატრინ მილე, მსახიობი და მწერალი ინგრიდ კავენი, მსახიობი კატრინ რობ-გრიე, ფილოსოფოსი პეგი სარტრი და სხვები.
“დასავლეთში ყველაფერი იქცა მამრმოძულეობად, ურთიერთობათა რომანტიკის განადგურებად და ქალებისთვის დემონური ფალოსოკრატების მარადიული მსხვერპლის და სათამაშოებოს სტატუსის გამყარებად”, წერენ ისინი ამ წერილში.

ეს ქალები ცხადია გმობენ ძალადობას, მაგრამ ასევე ნეოპურიტანელობის ახალ ტალღასაც, რომელსაც ნერგავს კამპანია “მეც ასევე”. (me too.) წერილის ტექსტი იმდენად დამაჯერებელი და გულწრფელია, რომ ძნელია არ დაეთანხმო. “გაუპატიურება – ეს დანაშაულია. მაგრამ (მამაკაცის მხრიდან) შეუპოვარი და უხერხული ყურადღების გამოჩენა არ შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევად, ხოლო კომპლიმენტები – კაცური აგრესიის გამოხატულებად” – ნათქვამია წერილში.

არსებითად ამ me too-მ გამიწვია პრესაში და სოცქსელებში დასმენების და საჯარო დადანაშაულებების მთელი კამპანია იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც საშუალებაც კი არ მისცეს თავი ემართლებინათ, ასევე ისინი დააყენეს ერთ დონეზე სექსუალურ აგრესორებთან. ამ თვითნებურ გასამართლებას უკვე ყავს თავისი მსხვერპლნი: იყო შემთხვევები, როდესაც კაცებმა ვეღარ შეძლეს ნორმალურად გაეგრძელებინათ მუშაობა, იძულებულნი გახდნენ გათავისუფლებულიყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც შეეცადნენ შეხებოდნენ ქალის მუხლს ან მათთვის ეკოცნათ.

და ბოლოს წერილის ის ნაწილი, რომელშიც ალბათ უმთავრესი ფილოსოფიური აზრია ჩამოყალიბებული: “ის, რაც თავს გადახდება ქალის სხეულს, აუცილებელი წესით როდი შეეხება მის ღირსებას და ამან თვით განსაკუთრებულ შემთხვევებშიც კი იგი არ უნდა აქციოს მარადიულ მსხვერპლად, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ სხეულები არ ვართ. ჩვენი შინაგანი თავისუფლება ხელშეუხებელია. და ეს ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თავისუფლება ვერ იარსებებს რისკის და პასუხისმგებლობის გარეშე”.

ასეთია “გრანდ ნასიონის” (დიდი ერის) ერთი ელიტარული ჯგუფის პოზიცია, რომელიც ნამდვილად იმედისმომცემია. და თუ წარმოვიდგენთ, რომ ქათმის მზერის ვიწროჰორიზონტიანი პურიტანიზმი ყველაფერს თავზე წამოაჯდება, ცივილიზაციის კატასტროფაც არ დააყოვნებს. იგი მასობრივად უბიძგებს ევროპელებს თავს უშველონ რუსულ ოლიგარხატში ან ისლამურ ტოტალიტარიზმში.

და საქართველო? ამაზე საუბარი არ ღირს, იმდენად მძიმე სურათია ცოლების გახშირებული მკვლელობების და ტოტალური სულით დაცემის თუ გაპარაზიტების ფონზე. აქ ალბათ მამაკაცთა ემანსიპაცია უნდა დაიწყოს.

კონსტანტინე გამსახურდია 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close