POSTS დაიჯესტი

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

მანამდე პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 6 სექტემბერს ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობით უკმაყოფილოა და აქციები დააანონსა. ის რამდენიმე დღეა შიმშილობდა.

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა.

3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close