News დაიჯესტი

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიმართვაზე

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანის განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ ეთიკურ მედიას !

ქარტიის საბჭო  “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიმართვაზე განცხადებას ავრცელებს, მედია პორტალი ” ჯეო დაიჯესტი”  მას უცვლელად გთავაზობთ: 

“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ”,-ნათქვამია განცხადებაში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close