“ვინ არის ოკუპანტი, 5 წლის ბავშვი??”

0
235

ქობულეთში ერთი მთავარი ქუჩაა და ერთი მთავარი “მარშუტკა”, ნუმერ პირველი 🙂
ჰოდა, მოვდივართ მე და მარიამი ნუმერ პირველით, უკან, ოთხკაციან სავარძელზე (სავარძელს ვამბობ, ისე, არ ვიცი რა დავარქვა, მოყანყალებულ და ათასგზის ტყავგამოცვლილ დასაჯდომს) ვსხედვართ. ჩემსა და ფანჯარასთან მჯდომს შუა, ადგილია. პატარა გოგონა შემოვიდა, დასკუპტდა, მაგრამ კარგად ვერ ჩაჯდა. ღრმად ჩავისუნთქე და კარგად დაჯექი-მეთქი, – გოგონას ვუთხარი. ხოშიანად მოკალათდა. ამ “გაწევ-გამოწევისას” “მარშუტკაში” რუსების ოჯახი ამოვიდა, ორი შვილი და დედ-მამა. ბიჭი 9-10 წლისა იქნებოდა, გოგო – 4-5-სა. წინა სკამიდან აზერი წამოხტა, ბავშვს ადგილი დაუთმო, გოგო დაჯდა… ამ დროს ქართველი ქალი ამოვიდა თავისი 6-7 წლის გოგონათი, რუსმა დედამ თავისი 4-5- წლის შვილი ჩააჩოჩა და ქართველი 6-7 წლის ბავშვი მიუსკუპა გვერდით. ბავშვებთან, ფანჯრის მხარეს, მოხუცი იჯდა, გაჩერებაზე “მარშუტკა” გააჩერებინა და ჩავიდა, ბავშვებმა გზა დაუთმეს.
და..
უცებ…
ცარიელ ადგილებზე ქართველი ქალი და მისი შვილი დასხდნენ… რუსი ბავშვის რუს დედას ხმას არ ამოუღია, ახლოს დაიყენა ბავშვი, ბიჭს ხელი გაუშვა და ხელი ბეჭებზე გოგონას მოხვია, მამას ოთხი თუ ხუთი პარკი სანოვაგე ეკავა ხელში…
ეს როგორ-მეთქი, – უკანა სავარძლიდან გადავსძახე წინას, – ბავშვი ხომ იჯდა მანდ, რატომ ააყენეთ-მეთქი…
დაჯდეს მერე, ვინ უშლის, – დაიყეფა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) წინამ და გააჩერეო მძღოლს გასძახა, თურმე ჩასვლა უწევდა უკვე…
ჩემს გვერდით მჯდომმა გოგონამ, “პირადი სეკვესტრისთვის” 🙂მადლობაც რომ არ მითხრა, ხმა ამოიღო, მომიბრუნდა, ალმაცერად გადმომხედა და მეუბნება:
– რუსი არ უნდა დაიცვათ…
რა-მეთქი? – მივუბრუნდი.
– რუსი ოკუპანტია და არ უნდა დაიცვათ.
– ვინ არის ოკუპანტი, 5 წლის ბავშვი?
ბევრი რომ არ გავაგრძელო, “მარშუტკაში” “კარგი საუბარი” შედგა… ამასობაში ამ გოგონას გვერდით რომ ქალი იჯდა, ის ჩავიდა. გოგონა გაითხლარშა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ორ სავარძელზე და “მარშუტკაში” ამოსულ კაცს, ნახევარი ხელი შებინტული რომ ქონდა, ადგილი არ დაუთმო.
ვიღაც ქალმა ბიჭს უთხრა, დაჯექი უკან ადგილიაო, გოგო არ გატოკდა, მე “წავიღიღინე”:
– ოკუპორებულია ადგილი…
გოგონამ ჩასვლის წინ “რეჩი დაარტყა” … მეც რათქმა უნდა, უპასუხოდ არ დავტოვე, სხვებმაც მიაყარეს ქოქოლა…
სახლში მისულმა მარიამმა გიორგის ეს ამბავი დეტალურად რომ მოუყვა, გიორგიმ – დედას ჩხუბში და სიტყვაში მაინც ვერავინ მოუგებსო, – ბრძანა.
ჰო, ჩასვლისას რუსმა დედამ, მადლობა ქართულად გადამიხადა – ბავშვი ბავშვია და არც მე მიხარია რაც საქართველოში ხდება, ბებია ქართველი მყავდაო…

 

დრეჯან მეფარიშვილი

ფეისბუქ-სტატუსი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here