პრეზიდენტი: მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს

0
88

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი, საგარეო ურთიერთობები და რუსული აგრესია იყო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მაიკ პენსის ვიზიტი ნათლად აჩვენებს ამერიკის ინტერესს და მხარდაჭერას ქართველი ერისა და სახელმწიფოსადმი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციები, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ასევე მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

“ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათა მნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, ასევე ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგანან არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში, არამედ ქართულ მიწაზეც.

წვრთნები, აღჭურვა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება აშშ-ის დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური ნაწილია.

ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის თანამშრომლობა და ერთიანობა, რომელიც საქართველო-ამერიკას შორისაა.

რა თქმა უნდა, ეს საქართველოს შემდგომი განვითარების, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია და მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირის, ნატოსა და ინტეგრაციის პროცესების მიმართულებით გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნება კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში გააცხადებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟურნალისტები ამერიკა-საქართველოს და რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოთი, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: BBC -ის, Reuters-ის, Associated France Press-ის (AFP), Anadolu Agency-ის, Al Jazeera-ს, ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების, RTVi-ს, Starvision-ის წარმომადგენლები.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here