უკრაინაში მოკლული ოფიცრის დაკრძალვაზე თავდაცვის სამინისტროდან არავინ მივიდა

0
261

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გია ბარამიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი ოფიცრის, დავით სიხარულიძის დაკრძალვაზე თავდაცვის სამინისტროდან არავინ მივიდა.

“დღეს, სოფელ სუფსაში კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი, ვიცე პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე, რომელიც უკრაინაში საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირა, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ.

ვიცეპოლკოვნიკი სიხარულიძე, რუსეთის აგრესიის გამო აფხაზეთისა და ცხინვალის ომების ვეტერანია. სამწუხაროა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობიდან, სამარცხვინოდ, მისთვის დამსახურებული პატივის მიგება არავინ ინება”,- წერს გია ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ დავით სიხარულიძე უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებებს შეეწირა. პრორუსმა სეპარატისტებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ქართველი ოფიცრის დაღუპვიდან ცოტა ხნის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს, სამხედრო სამსახური წლების წინ აქვს გავლილი, თუმცა, ის ახლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხებოდა.

“თადარიგის ოფიცერი ნიშნავს, რომ ის გარკვეული წლების წინ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ამ დროისთვის საკუთარი ინიციატივით, როგორც მოხალისე ისეა წასული. წლების წინ მას გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. ახლა შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხება” – განმარტეს თავდაცვის სამინისტროში.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

მარიამ გაბისონია


სტატიის ავტორი

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here