უცხოელებზე მიწის მიყიდვა აღარ აიკრძალება

0
682

მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია.

“მიწის საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა კომისიაში. იყო ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ერთი ნაწილის აზრით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა სრულად უნდა აკრძალულიყო, მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილყო ეს საკითხი დარეგულირებული. ჩვენ ავირჩიეთ შუალედური მიდგომა და დღეს კონსტიტუცია აცხადებს, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და ეს საკითხები მოწესრიგებული უნდა იყოს ორგანული კანონით.

“თქვენ გახსოვთ, რომ იყო ამ კუთხით სირთულეები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სრული აკრძალვა უცხოელებზე მიწის გაყიდვისა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ბუნებრივია, ჩვენ კონსტიტუციით არაკონსტიტუციურ ნორმას ვერ დავადგენდით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილება.

“კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ნორმა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სათანადოდ მოხდეს ამ საკითხის რეგლამენტაცია უკვე ორგანული კანონით და უფრო მეტიც, უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რომლითაც სათანადოდ იქნება მოწესრიგებული ეს საკითხი.

“დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინეტერესები და, მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინეტრესები. ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი კონსიტუტუციის ახალი რედაქციითა და იმ კანონით, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ,” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკითხზე რამდენიმე ინიციატივა არსებობდა, მათ შორის, “დემოკრატიული მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წინადადებები. მათი კანონონპროექტების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა როგორც ოპოზიციის ნაწილი, ისე არასამთავრობო ორგანიზიაციის წარმომადგენელები.

(11.05.2017)

გვანცა ღვედაშვილი

 რეზონანსი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here