ექიმი ზაზა ლურსმანაშვილი

0
1239

ზაზა ლურსმანაშვილი მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

ბავშვობიდანვე ექიმობაზე ვოცნებობდი. დედა ექიმია და ამ ფაქტორის გავლენა აშკარა იყო. ჩემდა უნებურად სულ მქონდა შეხება პაციენტებთან, მედიკამენტებთან, სამედიცინო საკითხების განხილვასთან. სახლში საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს და მეც დიდი ინტერესით ვათვალიერებდი სამედიცინო ლიტერატურას.  მოგვიანებით, როცა უკვე ჩემი პროფესიის არჩევის საკითხით მშობლებიც დაინტერესდნენ, ბევრი არ მიფიქრია, ვუთხარი რომ მხოლოდ ექიმობა მინდოდა. არც მათ გაუწევიათ წინააღმდეგობა, პირიქით, მომიწონეს არჩევანი. მითუმეტეს, ჩემზე ცოტა ადრე ასეთივე გადაწყვეტილება ჩემმა დამ მიიღო და ესეც დამატებითი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

  ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, ისევე როგორც ბევრი სხვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია მუდმივად წიგნებთან, პაციენტებთან და საკუთარ თავთან მუშაობა. ექიმი ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს უკლებლივ ყველა პაციენტთან. იყოს მომთმენი, თავდაჯერებული და საუბრითაც კი უნდა მოახერხოს მათზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა.

პროფესიის გამო თუ გითქვამთ რაიმეზე უარი?

არც თუ იშვიათად გვიწევს მსგავსი „მსხვერპლის“ გაღება, თუმცა ეს ჩვენთვის ჩვეული მოვლენაა. ხშირად ხდება ისე, რომ ვერ ვახერხებთ კლინიკის დატოვებას არა იურიდიული, არამედ მორალური პასუხისმგებლობის გამო. ვერ მივდივართ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, წვეულებებზე, ვერ გავდივართ ქალაქიდან  და ასე შემდეგ. არ მგონია, რომ ამას რომელიმე ექიმი დიდად განიცდიდეს. ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახის წევრებიც გაგებით ეკიდებიან. ასე რომ, როცა ადამიანი ირჩევს ამ პროფესიას, ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

მოგვიყევით თქვენს იჯახზე

მყავს მეუღლე და 2 შვილი, რომლებიც ჯერ პატარები არიან, მაგრამ უკვე აცხადებენ რომ ექიმობა უნდათ. მეუღლეც მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგია, რაშიც ძალიან გამიმართლა. ხშირად მეხმარება, ერთად განვიხილავთ რთულ შემთხვევებს და გამოსავალსაც ერთად ვეძებთ. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება და მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ შვილები მშობლების გზას გაივლიან და ექიმები გახდებიან. ჩვენ, ბუნებრივია, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და ვეცდებით, რომ  ჯერ კარგი ადამიანები და შემდეგ კარგი ექიმები გახდნენ.

თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ჰობი?

კი, მიყვარს ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანები. თუმცა, იარაღისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, არ მიყვარს ნადირობა. სროლას ვამჯობინებ ტირში ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. მანქანა კი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.

წარმატებული მედიკოსი ბრძანდებით,რა არის ამის მიზეზი?

იგივე, რაც სხვა პროფესიის წარმატებული ადამიანების შემთხვევაში: მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა და შრომა. ჩემს შემთხვევაში ამ ყველაფერს დამატებული არაჩვეულებრივი პედაგოგები და მოქმედი ექიმები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ  ძალიან გამიმართლა და აღმოვჩნდი არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ.

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდიების ცერემონიალზე ,,წლის ექიმი2018” ნომინაციაზე ხართ წარდგენილი,რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?

 ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო. ეს ნომინაცია კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩემს პასუხისმგებლობის ხარისხს და მოტივაციას. ზოგადად, ექიმის შრომის დაფასება უაღრესად მნიშვნელოვანია. საუბარია არა მარტო მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეზეც.  მან უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება ხედავს და სათანადო დასკვნებს აკეთებს ამ, მართლაც რთული პროფესიის წარმომადგენლებთან მიმართებაში.

8)რას ურჩევდით მომავალ მედიკოსებს?

ვერ ვიქნები ორიგინალური და გავიმეორებ, რომ საჭიროა ბევრი შრომა, მუშობა საკუთარ თავზე. მუდმივი კონტაქტი წიგნებთან, სამედიცინო სიახლეებთან, პაციენტებთან. ღამისთევა, თმენა და ბევრ რამეზე უარის თქმა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here