ექიმი ეკატერინე ბეშკენაძე

0
994

ეკატერინე ბეშკენაძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში.

კარგი ტრადიციაა, როდესაც მომავალი თაობა წინას საქმიანობას

აგრძელებს. ვიდექი თუ არა  რაიმე არჩევანის წინაშე არ მახსოვს, ეს  იმდენად  “თავისთავადი” გადაწყვეტილება  იყო.

მე და ჩემმა ძმამ ბავშვობაში მშობლების პროფესიები გადავინაწილეთ. დედა – ექიმი-სტომატოლოგია, მამა კი,  არქიტექტორი გახლდათ.  მე გავაკეთე ჩემი იმდროინდელი არჩევანი და მას შემდეგ არ მიღალატია მისთვის. ეს საკითხი ძალიან აქტუალური იყო ჩემს მეობაში.  უბრალოდ, სხვაგვარად  ვერც  კი  წარმომედგინა.

 

როგორი უნდა  იყოს ექიმი?

იყო ექიმი, ნიშნავს გქონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სხვა  ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის  ზრუნვის ვალდებულება. ყოველი დღე იმსახურო პრინციპით – “არ ავნო “,   “უსაზღვრო პატივი სცე ადამიანის სიცოცხლეს” და  იცავდე კაცთმოყვარების კანონებს- ეს არის მთავარი და უცვლელი  განაწესი ჰიპოკრატეს დროიდან დღემდე.

ჩემი აზრით,   აკადემიური ცოდნის, ინფორმაციის  მართვის, ანალიტიკური აზროვნების  გარდა,  ექიმს სხვა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა გააჩნდეს:   გულისხმიერიება, თანაგრძნობა, ემპათია, კეთილსინდისიერება  და  ღირსება.  ამ უნარების  პროპორციულად კი, პაციენტების მხრიდან   ექიმისადმი ჩნდება მთავარი “ბმა”-  ნდობა,  რწმენა და პატივისცემა. ემსახურო ადამიანებს – რთულია, მაგრამ უაღრესად ჰუმანური და ზეადამიანური საქმიანობა.

 

პროფესიის გამო  თუ გითქვამთ რამეზე უარი?

პროფესიის გამო თავისუფალ დროზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე, ჩემს ინტერესებზე მითქვამს უარი.  სხვა არ მახსენდება…

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.

მყავს მეუღლე და ორი შვილი 7 წლის მარიამი და 5 წლის ალექსი.

“ჩემი ოჯახი- ჩემი ციხესიმაგრეა!”- ამ  “ციხესიმაგრის” განცდა, უსაფრთხოებისა და სტაბულირობის  გარანტია პირველრიგში მშობლებისგან იწყება.  შვილისთვის მშობელი უპირობო  სიყვარულისა და დაცულობის განცდაა. ჩემთვის 2018 წელი დიდი დანაკლისის და ტკივილის წელი იყო. მამის გარდაცვალებამ  ფერი უცვალა  ჩემი სიმტკიცის, დაცულობის, სიძლიერის განცდას. თუმცა,  მე  ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ  გამორჩეულად და განსაკუთრებულად ღირსეული მამის და დედის შვილი ვარ. ოჯახი სოციალური სისტემაა.   სიმშვიდისა და სიყვარულის  სასიცოცხლო ციკლი კი უწყვეტად  მშობლებიდან   შვილებს უნდა გადაეცეს.

წარმატებული  მედიკოსი ბრძანდებით, რა არის ამის მიზეზი?

შრომისმოყვარეობა, მონდომება, მოტივაცია, მოთმინება, პროფესიული განვითარების მუდმივი სურვილი  და ცოტაც იღბალი- ეს ზოგადად წარმატების  ჩემეული ფორმულაა. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო ძალიან მნიშვნელოვანია   თვითგანვითარება, სიახლის ძიების მუდმივი ინტერესი და შინაგანი მოტივაცია. ეს მთელი პროცესია და   რთული გზაა.   ვთვლი, რომ წარმატებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, თუმცა ახლა რა ეტაპზეც ვარ და სადაც ვარ, ამ წარმატების “გზაზე”, ბევრმა ადამიანმა და გარე ფაქტორებმა   პირდაპირ თუ ირიბად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ჰობი?

ხატვა, ჩანახატების წერა(რომელიც ბოლოს მივიწყებული მაქვს)   და  დიზაინი (განსაკუთრებით ინტერიერის). ექიმობა  რომ არა,  ალბათ ვიქნებოდი დიზაინერი.

ვინ არის ეკატერინე ბეშკენაძე თეთრი ხალათის მიღმა ?

შვილი, დედა, მეუღლე, და, მეგობარი.  ეს ყველა სტატუსი და მდგომარეობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია,  კავშირშია უპირობო სიყვარულთან, მაბედნიერებს, ქმნის  ჩემს არსებაში  სრულყოფილებას   და ჰარმონიას.

რას ნიშნავს ეს ნომინაცია თქვენთვის ?

პირველრიგში მეტ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა მოტივაციას, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე. ცხოვრებაში  არანაირი უფლება- მოვალეობის გარეშე არ არსებობს. ასე რომ,  მე ვალდებული ვიქნები  გავამართლო “სახელი”, ტიტული,  გავხდე უფრო ძლიერი, წარმატებული  და  კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვემსახურო მთელი გულით.

რას ურჩევთ მომავალ მედიკოსებს ?

ამ შემთხვევაში პირველ რიგში მივმართავ სტუდენტებს: უყვარდეთ ყველაზე ჰუმანური და ამასთან ერთად ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია და უყვარდეთ ადამიანები! კარგად დაეუფლონ აკადემიურ ცოდნას, ბევრი ისწავლონ და იშრომონ, არ დანებდნენ, იყვნენ გულისხმიერნი, კეთილსინდისიერნი და ყოველთვის ახსოვდეთ რომ  პაციენტის უკან მისი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები დგანან  და ერთი დაშვებული შეცდომის უკან კი,   ადამიანის სიცოცხლეა.

P.S.

და ბოლოს, ჰიპოკრატეს ფიცი იწყება სიტყვებით : ” ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი…”

და მეც, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო  ჩემი მასწავლებლების მიმართ. მათი პროფესიონალიზმი და შემართება ხშირად გადამდები აღმოჩენილა. პირადად მე, მუდმივად ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, კეთილგანწყობას, გულშემატკივრობას, სიყვარულს. ისეთი როგორიც ვარ დღეს მე, დიდ წვლილი ჩემს მასწავლებლებს მიუძღვით. მადლობა მათ თანადგომისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

თქვენ კი, მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ადმინისტრაციას,  მოკრძალებული მადლობა გაწეული სამსახურისთვის და  პატივისთვის, ვიყო   ამ ნომინაციზე წარდგენილი.   

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here