ექიმი ნონა ცქვიტარია

0
367

ნონა ცქვიტარია მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი?

ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ექიმის პროფესიის არჩევაში თავისი როლი შეასრულა ჩემი უფროსი და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობამ. მიუხედავად სმენის დაქვეითებისა, ისინი გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. ჩემს ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ექიმად ჩამოყალიბების საქმეში. ეს გზა რთული და გრძელი გამოდგა ჩემთვის, მაგრამ საუკეთესო. ემსახურო საქმეს რომელიც გიყვარს ნამდვილი ბედნიერებაა.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

ადამიანი პროფესიის არჩევისას საკუთარ თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას , რაც მის საქმიანობას ახლავს თან. ამ მხრივ ექიმს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მას პაციენტი ანდობს საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. პროფესიონალიზმთან ერთად ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი, ესმოდეს, გრძნობდეს მის ტკივილს. ეს ნიშნავს ყოველდღიურ შრომასა და ზრუნვას, ცხოვრებას სხვისთვის.

პროფესიის გამო თუ გითქვამთ რაიმეზე უარი?

რა თქმა უნდა, პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. ექიმობა ხომ გარკვეული ცხოვრების წესია.

ვინ არის ნონა თეთრი ხალათის მიღმა?

თეთრი ხალათის მიღმა ვარ ჩვეულებრივი ადამიანი , შვილი, და, ნათესავი, მეგობარი. მიყვარს ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თავისუფალი დროის გატარება. მომწონს ხელოვნება, განსაკუთრებით მხატვრობა. შეძლებისდაგვარად ვსტუმრობ საგამოფენო დარბაზებს.

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე “წლის ექიმი 2018 ” ნომნაციაზე ხართ წარდგენილი, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?

ვფიქრობ , ვაკეთებ ჩემს საქმეს უხმაუროდ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ნომინაცია , არის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და დამატებითი სტიმული.

რაზე ოცნებობთ?

ვოცნებობ და იმედი მაქვს რეალობად იქცევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, განვითარება , მედიცინის სფეროში მაღალი სტანდარტების მიღწევა , რისი პოტენციალიც უდავოდ გვაქვს.

რას გეგმავთ მომავალში როგორც ექიმი?

ვაპირებ სამეცნიერო განხრით მუშაობის გაგრძელებას , პრაქტიკული და თეორიული უნარ ჩვევების კიდევ უფრო გაღრმვებას და განვითარებას.

რას ურჩევდით მომავალ მედიკოსებს?

უყვარდეთ არჩეული პროფესია , უყვარდეთ ადამიანი , ეს შეაძლებინებთ იმ კოლოსალური ტვირთის ზიდვას რომელსაც ექიმობა ქვია.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here