გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე

0
486

ირაკლი ხმალაძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ექიმი? 

სიმართლე გითხრათ სუსტად არ მახსოვს, ალბათ ბავშვობიდანვე. ჩემი ოჯახის ახლობელი და ასე ვთქვათ, “პირადი” ექიმი–პედიატრი შესანიშნავი პიროვნება და უდიდესი პროფესიონალი მედიკოსი ირაკლი ციციშვილი გახლდათ და ალბათ მის შემხედვარეს გამიჩნდა სურვილი ექიმი გავმხდარიყავი. მართალია, ძალიან მიზიდავდა როგორც მუსიკა, ასევე თეატრალური ხელოვნება (მსახიობობა), მაგრამ მედიცინა ჩემთვის, რაც თავი მახსოვს, უალტერნატივო გახლდათ! ბავშვობიდანვე ვერ ვეგუებოდი მოწყენილ, დარდიან თუ სევდიან ადამიანებს და ყოველთვის ვცდილობდი მათ გამხიარულებასა და მათთვის კარგ გუნება-განწყობის შექმნას. ეს თვისება მომავალშიც ძალიან გამომადგა პაციენტებთან ურთიერთობის დროს. ბავშვობაში ხშირად “მიმკურნალია” ფეხნატკენი ძაღლებისა და ფრთანატკენი ფრინველებისათვის და მათი გამოჯანმრთელება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. თვითონ მე არასდროს მინადირია, არასდროს მიწვალებია ცხოველები და ფრინველები, ხოლო მათი მწვალებლები  დღემდე არასრულფასოვან, პათოლოგიურ არსებებად მიმაჩნია, რომელთაც სერიოზული მკურნალობა ესაჭიროებათ.

პროფესიის გამო თუ გითქვამთ უარი რაიმეზე?

არასდროს დამავიწყდება საუბარი ჩემს უსაყვარლეს პედაგოგთან, უგანათლებულეს და უდიდეს ექიმთან, ჭეშმარიტ აკადემიკოსთან, ბ–ნ ვახტანგ ბოჭორიშვილთან. ბ–ნი ვახტანგი ბაბუას მეგობარი გახლდათ და როდესაც გაიგო, რომ ექიმობას ვაპირებდი (მაშინ ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი), ასეთი რამ მითხრა: დაიმახსოვრეთ ახალგაზრდავ, თუ მედიცინას გაჰყვებით, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნებით ან კარგი ექიმი, ან კარგი ქმარი და მეოჯახე, ორივე ერთად კი შეუძლებელია! ბატონი ვახტანგის ეს სიტყვები მართლაც რომ ჭეშმარიტებაა, რადგან აქტიურად მოღვაწე წარმატებულ ექიმს ძალზე მცირე დრო რჩება ოჯახისა და საკუთარი თავისათვის. ჯერ კიდევ ავიცენამ თქვა, რომ ექიმს ხელზე ყველაზე ძვირფასი ბეჭდები უნდა ეკეთოს, ეცვეს ყველაზე მდიდრული ტანსაცმელი, ჰქონდეს ძალზე მდიდრული სახლი ეზოთი და ბაღით, არ აკლდეს საჭმელ–სასმელი და საერთოდ უნდა იყოს მდიდარი, რომ არ დასჭირდეს დროის დახარჯვა საკუთარი და საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად, მან მხოლოდ პაციენტის მოსარჩენად ინდა იფიქროს და იღვაწოს. ძალზე ხშირად ავმდგარვარ კარგი და სასურველი წვეულებიდან იმისათვის, რომ გავქცეულიყავი პაციენტისათვის დახმარების გასაწევად. სასმელსაც პრაქტიკულად არ ვეკარები, ვინ იცის ვის როდის დავჭირდები, შესაბამისად, ნასვამი ექიმი რა სასიამოვნოა პაციენტისათვის, თანაც შეცდომის დაშვების რისკიც ამ დროს ბევრად მატულობს. ასე რომ ძირითადად უალკოჰოლო სასმელებით ვქეიფობ! აღარც კი მახსოვს ნამდვილ შვებულებაში (თუნდაც 15–დღიანში) როდის ვიყავი. მაგრამ მერწმუნეთ არ ვწუწუნებ, რადგან ეს ჩემი არჩეული გზაა და რაც უფრო მეტად დაკავებული ვარ და მეტ ადამიანს ვეხმარები გამოჯანმრთელებაში, მით უფრო მეტ კმაყოფილებისა და სიამოვნების განცდა მეუფლება. ჩემს სტუდენტებსა და ახალგაზრდა კოლეგებს სულ ამას ვეუბნები: განა რა უნდა იყოს იმაზე მეტი ბედნიერება, როდესაც შენს მიერ ნამკურნალევი პაციენტი გამოჯანმრთელდება და მადლიერი თვალებით გეტყვის:

– “გმადლობ, ექიმო, ჩემი გადარჩენისათვის!” თუ ამ სიტყვებს ექიმი ჩვეულებრივ, რიგით მოვლენად ჩათვლის და უემოციოდ შეხვდება, მიმაჩნია, რომ მან უნდა დახიოს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომი, გაიხადოს თეთრი ხალათი და პროფესია შეიცვალოს.

მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?

ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩემი დიდი პაპა, ანუ მამაჩემის ბაბუა დედის მხრიდან, იმ დროისათვის ძალზე ცნობილი ექიმი–პედიატრი და საზოგადო მოღვაწე გიორგი ბადრიძე გახლდათ. იგი საქართველოში პედიატრიის სათავეებთან იდგა და დიდი წვლილი მიუძვის ამ დარგის განვითარებაში, ერთ ამბავს მოგიყვებით – მოგეხსენებათ, სტუდენტებს სხვადასხვა კლინიკებში გვიწევდა სიარული ლექცია –პრაქტიკულებზე. ზოგჯერ ეს დაწესებულებები ერთმანეთისაგან დიდ მანძილზე იყვნენ დაშორებულები. პირველ კურსზე გახლდით და მედიცინის ისტორიის პირველ ლექციაზე შორი გზის გავლის გამო რამდენიმე წუთით დამაგვიანდა. ლექცია მაშინდელი კამოს (ახლანდელ უზნაძის) ქუჩაზე მდებარე რევმატოლოგიურ ცენტრში ტარდებოდა. პედაგოგს ბოდიში მოვუხადე დაგვიანებისათვის და კედელთან ერთადერთ ცარიელ სკამზე მოვკალათდი. როცა რვეული ამოვიღე და ლექციის თეზისების ჩაწერა დავიწყე, აშკარად ვიგრძენი, რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებდა. ავიხედე და რას ვხედავ, ზედ ჩემს თავთან კედელზე ჩამოკიდებული დიდი ჩარჩოიანი სურათიდან ჩემი სახელოვანი პაპა არ მიმზერს?! მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გზა ავირჩიე და მართლაც, არასდროს მინანია, რომ ექიმი გავხდი, მიუხედავად მთელი რიგი სიძნელეებისა გა პრობლემებისა რომელიც მომავალში მელოდა.

ჩემი ოჯახის წევრები: მეუღლე – ნინო ჯაიანი მუსიკოსია – პიანისტი. იგი სახ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში მოღვაწეობს.

მყავს ორი ვაჟი, ორივემ ასევე ექიმობა გადაწყვიტა – უფროსი ვაჟი – ლაშა ხმალაძე დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, ხოლო უმცროსი ვაჟი – დავით ხმალაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. სიმართლე უნდა ვაღიარო, თავიდან ძალიან არ მინდოდა რომ მედიკოსები გამოსულიყვნენ, (მეცოდებოდნენ ასეთი “მძიმე” პროფესიისათვის), მაგრამ როდესაც საუბარში პროფესიის არჩევის შესახებ ჩემი რეკომენდაციები გამოვთქვი, მათგან ასეთი პასუხი მივიღე: “ეს პროფესია იმიტომ გვინდა, რომ ექიმს ღმერთმა უფლება მისცა, რომ ყოველდღე სიკეთე აკეთოს და თან ამაში ხელფასიც აიღოსო! ამაზე უკეთესი რა უნდა იყოსო.” ამის შემდეგ ხმა აღარ ამომიღია, მით უმეტეს, რომ ორივე წარმატებულ სტუდენტად ითვლება. ასევე მყავს დედა – ლია გაბუნია, მუსიკოსი – თეორეტიკოსი და მამა – გიორგი ხმალაძე, არქიტექტორი, არქიტექტურული კონსტრუქციების დეპარტამენტის პროფესორი, პედაგოგი და მრავალი თობის აღმზრდელი, რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი.

ჩემი ოჯახი ძირითადად მუსიკოსებისაგან შედგებოდა, კერძოდ, ბაბუა პროფესორი ვასილ ხმალაძე სახ. კონსერვატორიის პრორექტორი და ვოკალური კათედრის ხელმძღვანელი გახლდათ წლების მანძილზე, ჩემი ბებია – დოცენტი ანა ბადრიძე პიანისტი გახლდათ და ასევე კონსერვატორიაში მოღვაწეობდა. ბებიას ძმა – სტალინური პრემიის ლაურეატი, პროფ. დავით ბადრიძე ძალზე ცნობილი საოპერო მომღერალი გახლდათ და მოსკოვის დიდ თეატრში მოღვაწეობდა წლების მანძილზე. ამ ფაქტებს იმიტომ შევეხე, რომ არ არის გასაკვირი, რომ ყველას ეგონა, რომ მუსიკის ხაზით წავიდოდი. სწორედ ამიტომ  დავამთავრე კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლა, ე.წ. “ნიჭიერთა ათწლედი” ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად განცხადება მაშინდელ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ისტიტუტში შევიტანე. ბაბუას ეს ფაქტი ისე ეწყინა, რომ 1 თვე არ მელაპარაკებოდა, მაგრამ მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა გმირობის ტოლფასი იყო და ჩემი გასტუდენტების შემდეგ ადვილად შემოვირიგე.

წარმატებული მედიკოსი ხართ! როგორ ფიქრობთ რა არის მედიკოსის წარმატების ფორმულა?

ნებისმიერ პროფესიაში არსებობს წარმატებისათვის აუცილებელი წესები, რაც შეეხება მედიცინას, უპირველესყოვლისა, უნდა გიყვარდეს შენი პროფესია და რაც მთავარია უნდა გიყვარდეს პაციენტები, არ უნდა ახარისხებდე მათ მატერიალური თუ  სხვა არასაჭირო კრიტერიუმების მიხედვით. უნდა შეგეძლოს პაციენტის მოსმენა, რადგან ზოგჯერ ერთმა ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო სიტყვამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს არსებული დიაგნოზი და მისი ბედი გადაწყვიტოს. ამიტომ არის ნათქვამი, რომ ექიმი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რათა შეძლოს პაციენტის სრულად გახსნა და მისი ნდობის მოპოვება. იგი პაციენტს მუდამ ღიმილით უნდა ხვდებოდეს. ძალზე მნიშვნელოვანია ზომიერი იუმორიც, რაც ასევე ეხმარება ექიმს მოუხსნას პაციენტს სტრესი და გაუცხოების კომპლექსი. ჩემი აზრით, ექიმი ვალდებულია პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე აძლევდეს არსებული დაავადების შესახებ ინფორმაციასა და უხსნიდეს გამოკვლევის შედეგების მნიშვნელობას, ასევე მკურნალობის მეთოდებისა და მედიკამენტების დანიშნულების ინტერპრეტაციას. ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს ექიმის მიმართ პაციენტის ნდობას, რადგან ის ხვდება, რომ ექიმმა მისი დაავადების შესახებ ყველაფერი იცის. მე აღარაფერს ვამბობ პროფესიონალიზმზე, გამოცდილებასა და სამედიცინო უნარების უმაღლეს დონეზე ცოდნაზე. ექიმი მუდამ ძიებაში უნდა იყოს, რადგან მედიცინა მუდმივად განახლებადი მეცნიერებაა და რაც უფრო თანამედროვე ცოდნა აქვს მედიკოსს დაავადების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ, იგი მით უფრო წარმატებული და მოთხოვნადია. ექიმს ყოველთვის უნდა  ახსოვდეს, რომ პაციენტი მას მისთვის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდობს. ეს არა მარტო უზარმაზარი პასუხისმგებლობა, არამედ დიდი პატივი და დაფასებაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მეტ–ნაკლებად ყველა ერთმანეთს იცნობს, შესაბამისად, ერთი კმაყოფილი პაციენტი 10 სხვას მოგიყვანს, ხოლო უკმაყოფილო კი 100–ს დაგაკარგინებს.

ჩემი აზრით, არ არსებობს კარგი და ცუდი ექიმი, ექიმი ან ხარ ან არა! ისევე როგორც ორსულობა, ოდნავ ფეხმძიმე არ არსებობს!

ვინ არის ირაკლი ხმალაძე თეთრი ხალათის მიღმა?

მახსენდება ჩემი უსაყვარლესი მწერლისა და მოაზროვნის, ნოდარ დუმბაძის მიერ აღმოჩენილი მარადისობის კანონი – ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ მარტო მყოფთათვის იგი ძალზე ძნელია სატარებლად, ამიტომ ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ ერთმანეთს მხარი შევუდგათ, გავუადვილოთ სულიერი ტვირთის ტარება და შევაძლებინოთ მისი ბოლომდე, უფლის სამსჯავრომდე მიტანა.

და კიდევ ერთი – ადამიანი სანთელს ჰგავს! თუ გინდა, რომ ირგვლივ მყოფთ შუქი და სითბო აჩუქო – უნდა ენთო და იწვოდე!

მოგვიყევით ჰობიზე 

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კითხვა, განსაკუთრებით, იუმორისტული, სათავგდასავლო და დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღემდე ჩემი უსაყვარლესი მწერალი ნოდარ დუმბაძეა, რომელმაც შესძლო მისთვის დამახასიათებელი საოცარი იუმორით გაჯერებული ნაწარმოებებისათვის უზარმაზარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური დატვირთვა მიეცა. ჩემს მიერ წაკითხული პირველი წიგნი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” გახლდათ. დღემდე ახსოვთ ჩემს მშობლებს კითხვისას როგორ ვიცინოდი ჩაბჟირებამდე. მაშინ მხოლოდ 6 წლის გახლდით.

მამაჩემის დამსახურებაა, რომ მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული – ცურვა, ძიუდო, ძალოსნობა, ათლეტიზმი. ძალიან მიყვარს თეატრი და კინო – ოღონდ მხოლოდ ღირსეული პროექტები.

ცალკე გამოვყოფ მუსიკას – იგი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია! თითქმის ყველა ჟანრის მუსიკა მიყვარს, თუ იგი მელოდიურია და მაღალი დონის პროფესიონალი ასრულებს.

თუ დრო მაქვს, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვმღერი, გიტარისა და ფორტეპიანოს თანხლებით, ასევე მიყვარს ცნობილი მუსიკალური კომპოზიციების (ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში) ფორტეპიანოზე ინტერპრეტირება.

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზეწლის ექიმი 2018”- ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნომინაცია?

ექიმები მსახიობებს ვგავართ, თუ მსახიობს ტაში არ დაუკრეს, არ შეაქეს, მის ცხოვრებას აზრი ეკარგება. პრაქტიკულად არ მაგონდება საქართველოში მოღვაწე წარმატებული ექიმების სახელმწიფოს დონეზე დაჯილდოების რომელიმე ცერემონიალი. მართალია, მადლიერი პაციენტის მადლობა ყველაფერს სჯობს, მაგრამ, თუ შენს ნაშრომსა და ღვაწლს ქვეყანაც და “ოფიციალური  პირებიც” დააფასებენ, რაღა თქმა უნდა ეს უკვე განსაკუთრებული სიხარული და ბედნიერებაა, რაც თავისმხრივ, ექიმს კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს მომავალში წარმატებების მისაღწევად.

აქვე დავძენ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს წარმატებული ექიმების შესახებ, რადგან გაუადვილდეს უმაღლესი რანგის სპეციალისტის მოძებნა საჭიროების შემთხვევაში.

როგორ მოხვედით აქამდე და იყო თუ არა ეს გზა რთული?

თუ ჩემს ავტობიოგრაფიას გადახედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ საკმაოდ რთული გზა გავიარე და მონდომებასთან ერთად, რომ არა უფლის ნება და სასწაული, დღეს მე ალბათ ექიმი ვერ ვიქნებოდი, რადგან სწორედ ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის პერიოდში მომიწია პრაქტიკულ მედიცინაში მუშაობის დაწყება. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ჩემი ნაკადის სტუდენტებიდან სულ რამდენიმე შემორჩა მედიცინას. რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ადვილი არაფერია და წარმატების მისაღწევად მხოლოდ გამართლება არ არის საკმარისი. ექიმობას ნიჭის გარდა უზარმაზარი შრომა სჭირდება, რომელიც არასდროს თავდება, გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ექიმი ოქროს მაძიებელს ჰგავს, რომელიც სულ ახალ–ახალ სიმდიდრეებს ეძებს მედიცინაში დაავადების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების  შესახებ უახლესი ინფორმაციის სახით.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here