ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძე

0
632

ლიკა ცუცქირიძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის ექიმი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

იყო თუ არა ექიმობა თქვენი ბავშვობის ოცნება?

არა, ბავშვობაში ჟურნალისტობა მინდოდა. გარკვეული პერიოდი უნივერსიტეტთან არსებულ ჟურნალისტთა სახლშიც დავდიოდი და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ვითვისებდი. სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ წერის, საუბრის, პროფესიული ალღოს, პრინციპულობის გარდა, ჟურნალისტს სხვა, ჩემთვის ცოტა მიუღებელი თვისებებიც უნდა გააჩნდეს და უფრო ჰუმანური პროფესია ავირჩიე. თუმცა, ჩემი „მეორე პროფესიის“ რეალიზება სხვაგვარად მოვახდინე  – კოლეგებთან ერთად ვუშვებ ჟურნალს პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, სადაც ბევრი საინტერესო სტატია თუ ინფორმაცია იბეჭდება ქრონიკულ დაავადებებზე. მომავალში უფრო დიდი გეგმები მაქვს ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ახალი ჟურნალის დაარსებას ვაპირებ, თუმცა, ამაზე სხვა დროს.

როგორი ბავშვი იყო ლიკა?

მე ცოტა ტკივილიანი ბავშვობა მქონდა და არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. არა იმიტომ, რომ რამე დასამალია, უბრალოდ, არ მიყვარს ადამიანების შეწუხება ჩემი განცდებით. ერთ რამეს გეტყვით, იმ მარტოსული და სევდიანი ბავშვისგან დღეს რადიკალურად განსხვავებული პიროვნება ჩამოყალიბდა, თუმცა, ზოგჯერ ვხვდები, რომ ის ბავშვი ისევ არსებობს. სკოლის და სტუდენტობის პერიოდში საკმაოდ „მავნე მიდრეკილებებით“ (თუ შეიძლება ასე ითქვას) გამოვირჩეოდი, არ იფიქროთ, რამე კრიმინალურს ჩავდიოდი, თანაც, ყოველთვის ვაღიარებდი ხოლმე. მაგ. შემეძლო ქიმიის ლაბორატორიაში სხვადასხვა ნივთიერებები შემერია ერთმანეთში და აფეთქებასავით მომეწყო, ან აუდიტორიაში პატარა კოცონი გამეჩაღებინა, ან რომელიმე ლექტორი თუ სკოლის მასწავლებელი, რომელიც ჩემს მეგობარს აწყენინებდა, რაიმე ფორმით მსუბუქად „დამესაჯა“ და ა.შ. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს „მავნე მიდრეკილებები“ ეხლაც შემომრჩა.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების მთავარი კრიტერიუმი?

კაცთმოყვარეობა, კეთილშობილება, სხვისი ტკივილის გაზიარება, საქმისა და  კოლეგებისადმი ერთგულება, კორპორატიულობის პრინციპი, სამართლიანობა და რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი.

როგორი უნდა იყოს ექიმი?

მოდით, არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი – ეს აქსიომაა და ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. უფრო პიროვნულ თვისებებზე გავამახვილებ ყურადღებას – უნდა იყოს გულისხმიერი, მომღიმარი, პოზიტიური, გაწონასწორებული, გაბედული, რისკიანიც (გონივრულად, რასაკვირველია). არ უნდა ეთაკილებოდეს არანაირი საქმის კეთება, როცა საჭიროება მოითხოვს (იქნება ეს ექთნისა თუ სანიტრის მოვალეობა), უნდა აზროვნებდეს ფართოდ და ღრმად (არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თავისი ვიწრო სპეციალობით).

რომ არა ექიმი, ვინ იქნებოდა ლიკა ცუცქირიძე?

ისევ ექიმი – მიყვარს ჩემი პროფესია და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. თუმცა, მიყვარს მრავალფეროვნება და ხანდახან სხვა პროფესიებსაც შევითავსებდი, მაგ. ზოგჯერ ვიქნებოდი გასართობი წვეულებების ორგანიზატორი, ზოგჯერ მოცეკვავე, ზოგჯერ კი – ექსპერტი კრიმინალისტიკაში, ე.წ. პროფაილერი (მიყვარს სხვადასხვა ფსიქოტიპებზე დაკვირვება და მათი ქმედებების გაანალიზება).

მოგვიყევით თქვენ ოჯახზე

ჩემს გარშემო ოჯახის წევრების და ახლობლების დიდი არმიაა, მაგრამ ამჯერად ჩემს შვილებზე გიამბობთ, რომლებიც მთავარი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. ნიკა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და კეთილშობილი ადამიანია, უყვარს ფეხბურთი, ბავშვობიდან იყო გატაცებული. მისი თამაშების წყალობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სტადიონებსაც კი გავეცანი. ამჟამად თავისი უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდშია და თავისუფალ დროს ბევრს ვარჯიშობს. ლიზი სტუდენტობისთვის ემზადება და მეცადინეობას ბევრ დროს უთმობს. საკმაოდ საინტერესო და ღრმა ადამიანია, შეიძლება ითქვას, გულჩათხრობილიც. ბევრს კითხულობს, უყვარს წერა, ოცნება, თუმცა, რეალობას ძალიან არ შორდება. ჩემსავით უყვარს ცხოველები, მუსიკა, ვერ იტანს უსამართლობას.

რაზე ოცნებობთ ლიკა?

გაგეცინებათ, მაგრამ დროის მანქანაზე – სხვადასხვა ეპოქაში მინდა მოგზაურობა და მერე, სიცოცხლის ბოლოსკენ, ჩემს პლანეტაზე ცხოვრება, სადაც იქნებიან ბედნიერი, სუფთა, გულწრფელი ადამიანები (არა ფარისევლები და ნიღბიანები), ამ პლანეტას იერონიმუსი ერქმევა (ჩემი საყვარელი პერსონაჟის, ბარონ მიუნჰაუზენის საპატივსაცემოდ). ეს ოცნება ეფემერულია და სწორედ ის შემთხვევაა, როცა ოცნებად დარჩება J

რაიმე ჰობი გექნებათ… თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ბევრი ჰობი მაქვს (სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალბათ, ერთი ან ორი უნდა მქონდეს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მრავალფეროვნება მიყვარს), მაგრამ რამდენიმეს გამოვარჩევ:

ძალიან მიყვარს ლაშქრობა – მხოლოდ მთებში, ტყეში, საერთოდ, ბუნებაში ვგრძნობ იმ თავისუფლებას, რაც ჩემი ხასიათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. თავისუფალ დროს გამოვნახავ თუ არა, მაშინვე მთებისკენ მიმიწევს გული და ჩემს ზღაპარში ვიკარგები.

მიყვარს ცხენები – ადამიანის ყველაზე ერთგული და საიმედო მეგობრები. მიყვარს ჯირითი და უბრალოდ, სეირნობაც, ძალიან მინდა მქონდეს ჩემი თავლა, სადაც საუკეთესო ჯიშის ცხენები მეყოლება და სიამოვნებით მოვუვლი თვითონ.

მიყვარს მოტოციკლი – ერთ დროს საყვარელი მოტოც მყავდა, სახელად ბუცეფალი…. და გადავწყვიტე, რომ მომავალში აუცილებლად მეყოლება ჩემი მოტო, რომლითაც ბევრს ვიმოგზაურებ.

მიყვარს წერა – ვწერ ჩემთვის ჩანახატებს და პატარა მოთხრობებს, ეს განსაკუთრებით კარგად ბუნებაში გამომდის, იქ სილამაზეა და აღმაფრენაც მეტია.

მიყვარს ბავშვებთან თამაში – ისინი სუფთები და ლაღები არიან, გულს არასოდეს გატკენენ. ვცდილობ, არასდროს მოვკლა ჩემს სულში ბავშვი.

ტრადიციული კითხვა: „წლის ექიმი-2018“-ის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი. რას ნიშნავს თქვენთვის პროექტი „ექიმები-2018“?

ჩემთვის სასიამოვნო სურპრიზი იყო, როცა დამირეკეს და მაცნობეს ამის შესახებ, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ გარკვეულმა ადამიანებმა რეკომენდაცია გამიწიეს. დიდი მადლობა! ეს პროექტი შესანიშნავი წამოწყებაა ღირსეული ადამიანების, ჩემი კოლეგების უკეთესად გასაცნობად და დიდი მადლობა მის სულის ჩამდგმელებს და ორგანიზატორებს. ძალიან ბევრი ჩემთვის საყვარელი და საპატივსაცემო ადამიანია წარდგენილი სხვადასხვა ნომინაციაზე და მე ვამაყობ, რომ მათ გვერდით ვარ.

რას ურჩევდით მომავალ ექიმებს?

უყვარდეთ ადამიანები, პაციენტები, მომთმენნი და გულისხმიერნი იყვნენ მათ მიმართ; იყვნენ ღირსეული, მართალი, უშიშარი ადამიანები, არასდროს გაჩერდნენ ერთ ადგილას, მუდმივად იმუშაონ თვითგანვითარებაზე და განათლებაზე და რაც მთავარია, არასდროს ჰქონდეთ ამბიცია, რომ ყველაფერი იციან –  თითოეული ჩვენგანი მუდმივად სწავლის პროცესშია და ყველაფერი არასდროს გვეცოდინება. არ უნდა შეგვრცხვეს იმის, რომ სხვას, ჩვენზე ჭკვიანს მოვუსმინოთ და აზრი გავითვალისწინოთ (იქნება ეს სტუდენტი, უფროსი თუ უმცროსი კოლეგა), მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ნამდვილ პროფესიონალებად.

და ბოლოს, მინდა ჩემს კოლეგებს (მეგობრებს, ახლობლებს) ვუსურვო ბევრი ფერი, სითბო, მზე – შექმენით პოეზია თქვენს ცხოვრებაში, ნუ ჩაიძირებით რუტინაში, გაუფრთხილდით თითოეულ წამს და მარადიულობად აქციეთ.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here