გინეკოლოგი ცირა ჩქვანავა

0
976

ცირა ჩქვანავა მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის გინეკოლოგი 2018”-ის ნომინაციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

როგორი ბავშვი იყო ცირა? მგონია, რომ კარგი ბავშვი ვიყავი, უპრეტენზიო, ჩემს გამო ჩემს მშობლებს პრობლემები არასოდეს შეჰქმნიათ. კარგად ვსწავლობდი, დედაჩემი ჩემი მათემატიკის მასწავლებელი იყო და ყველაზე მეტად მე მთხოვდა კარგად სწავლას. მათემატიკა დღემდე ძალიან მიყვარს. ვიცოდი და ახლაც მახსოვს ძალიან ბევრი ლექსი და მეც ვწერდი ლექსებს, შემდეგ კი ყველა გავანადგურე :)))) ვაკეთებდი საოჯახო საქმეებს, ვაცხობდი, ვკერავდი, ვქსოვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი მატერიალურად ძლიერი იყო, არასოდეს არ მისარგებლია ამით. ჩაიც მომიკრეფია და ძალიან ყოჩაღი ვიყავი ამაში :))) ყოველთვის მქონდა ჩემი ფული :)))) გაბუტვაც ვიცოდი და გულჩვილიც ვიყავი, გულჩვილობა გამომყვა დღემდე. იუმორის გრძნობა ყოველთვის მქონდა და ვთვლი, რომ ყველა ასაკში მნიშვნელოვანია.

რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? პირველი სტრესი, რაც მივიღე ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებით, იყო ბებიაჩემი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში. შეიძლება ამ ამბავმაც იქონია გავლენა, რომ მიმეღო მონაწილეობა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. სხვა პროფესიაზე ბავშვობიდან არ მიფიქრია.

რამდენად რთულია ექიმობა?ძალიან რთულია, დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრი უძილო ღამეა. მუდმივი პროფესიული ზრდაა საჭირო, რომ მუდმივად ტონუსში იყოს ექიმი. უნდა დათმო ბევრი სხვა რამ, როცა ამას ითხოვს პროფესია. ბევრჯერ ავად ვყოფილვარ, მაგრამ დახმარებაზე უარი პაციენტისთვის არასოდეს მითქვამს. თუ პაციენტი გიყვარს, ყველაფერს შეძლებ. მე მიყვარს ჩემი პაციენტები. მახსოვს ყველა. ბევრთან უკვე ვმეგობრობ და ეს ძალიან მიხარია. ბევრჯერ ოჯახის წევრებსა და პაციენტს შორის არჩევანი პაციენტზე გამიკეთებია, იმ დროს პაციენტს უფრო ვჭირდებოდი. ოჯახშიც მიწყობენ ხელს და ეს ზურგს მიმაგრებს ჩემი საქმე ვაკეთო მშვიდად და თავისუფლად.

როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი? კარგ ექიმს პაციენტი უნდა უყვარდეს, უნდა იყოს ყურადღებიანი, თბილი და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი. პაციენტის პრობლემას ექიმი გულთან ახლოს თუ არ მიიტანს, სასურველ შედეგს ვერ მიიღებს. კარგ ექიმს უნდა შეეძლოს ემოციების კონტროლი ნებისმიერ სიტუაციაში.

რაზე ოცნებობს ცირა?
მეოცნებე არ ვარ! ერთად-ერთი, რისი სურვილიც მაქვს, მინდა ყველა უსახლკარო ადამიანისთვის მქონდეს საცხოვრებელი და არცერთი ძაღლი და კატა ქუჩაში არ იყინებოდეს, თავშესაფარს გავაკეთებდი და მე თვითონ მოვუვლიდი ყველას. სიამოვნებით ვიქნებოდი ვეტექიმი, მიფიქრია ამაზე ამ ბოლო პერიოდში.

რას ნიშნავს თქვენთვის ექიმები 2018?
ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, სამწუხაროდ, მხოლოდ ექიმების ლანძღვა ისმის პრესით თუ ტელევიზიით. გამოძიების დასრულებამდე პირდაპირ ექიმს ადანაშაულებენ თუ გარდაიცვალა პაციენტი და არ დადგა სასურველი შედეგი. ბევრჯერ ყოფილა, რომ გამართლდა ექიმი და საზოგადოების აზრი მაინც უცვლელი დარჩა, რაც ძალიან სამწუხაროა. კარგია, რომ საზოგადოება გაიცნობს ექიმებს სხვა კუთხით და ნდობის ხარისხზეც ალბათ დადებითად იმოქმედებს. ჩემთვის ბევრი პატივსაცემი ექიმია ამ პროექტში და კიდევ ბევრს დავასახელებდი ამ წლის და ყველა წლის ექიმად ეს პროექტი დიდხანს უნდა გაგრძელდეს, რომ მეტი ღირსეული ექიმი გაიცნოს საზოგადოებამ. წარმატებები ამ პროექტს და მის ორგანიზატორს მარიამ გოგრიჭიანს!

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here