(ექსკლუზივი)ზვიად გამსახურდია აფხაზეთის არაღიარების გამო მოკლეს ? რას ყვება აფხაზი ისტორიკოსი

0
2146

ზვიად გამსახურდია აფხაზეთის არაღიარების გამო მოკლეს ? რას ყვება აფხაზი ისტორიკოსი

სტანისლავ ლაკობა, აფხაზი ისტორიკოსი თავის ინტერვიუში ძალიან მოკლედ და ლაპიდარულად გადმოსცემს აფხაზეთის ომის და 90-იანი წლების საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს. ცხადია, ჩვენ არ უნდა მოველოდოთ, რომ ის ბოლომდე ობიექტური იქნება, გინდ ფაქტების გადმოცემაში, თუ გინდ მათ ინტერპრეტაციაში, მაგრამ მაინც საინტერესოა:

“როდესაც იოსელიანს კითხეს, შევი რად გინდათო, მან უპასუხა: “შენ ხომ იცი, ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ შირმა გვჭირდება.” მე ვუთხარი: “თქვენ თავს დაიღუპავთ!”. ის მაინც თვლიდა, რომ შევარდნაძე ესაჭიროებათ, როგორც შირმა, მას იცნობენ მსოფლიოში. “შენ ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფია”, – მითხრა მან. აი ასე სჯიდა. ეს ნაწილობრივ კრიმინალური ხელისუფლება იყო. გამსახურდია რასაკვირველია სხვა გარემოს ადამიანი იყო, ინტელიგენტური ოჯახიდან, მწერლის შვილი, თუმცა რომანტიკულმა ნაციონალიზმმა გაიტაცა. მერე, როდესაც შეეჯახა რეალობას და იქ ყველაფერი სხვანაირად გამოდგა, მან რომანტიკულ ნაციონალიზმს ზურგი აქცია. მასთან იყო გარკვეული კონტაქტები, იყო მომენტი, როდესაც მას ესაჭიროებოდა დახმარება აფხაზეთიდან. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი თავიდან ამბობდა, რომ აფხაზები როგორც ასეთი არ არსებობენო, შემდეგ კი უცბად ალაპარაკდა აფხაზურად. ის ხომ აფხაზურ ენაზე გამოვიდა 1993 წელს, ომის დროს.

…ის (ანუ ზ. გამსახურდია) ამბობდა, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ შევარდნაძე უზურპატორია და ა.შ. მას, როგორც მე გავიგე, პირდებოდნენ ბუფერულ სახელმწიფოს სამეგრელოს ფარგლებში, მაგრამ მან მთელი საქართველო მოინდომა. ამას კი აღარ თავაზობდნენ. როდესაც შევარდნაძე მიხვდა, რაშია საქმე, დასტური მისცა დსთ-ში გაწევრიანებაზე, და რუსეთის ბაზებზეც, და როცა უარი უთხრეს დახმარებაზე, ის შევიდა დსთ-ში. ორი წლის შემდეგ, როდესაც რუსული პოზიციები დასუსტდა, ის კვლავ გამოძვრა ამ ორბიტიდან. გახსოვთ, მასზე თავდასხმა რომ იყო? მაშინ გიორგაძე დაადანაშაულეს, მერე გიორგაძე გაიქცა, მერე იყო ნადიბაიძე, თავდაცვის მინისტრი, ისინი პრორუსულებად ითვლებოდნენ. მიდიოდა ბრძოლა გავლენის სფეროებისთვის….” (ციტატის დასასრული)

ჩემი კომენტარი: ლაკობა როგორც ჩანს გულისხმობს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის გადასვლას აფხაზეთში 1993 წელს, ანუ როდესაც ზუგდიდი და სამეგრელო დაიკავა ბალტინის სამხედრო შენაერთებმა, ხოლო შევარდნაძის მხარემ საბოლოოდ განაცხადა უარი მათთან რაიმე მოლაპარაკებაზე და მორიგებაზე ბობოყვათში. (ინიციატორი იყო ასლან აბაშიძე 1993 წლის ოქტომბერში, მორიგების პროექტი ერთობლივ არჩევნებს გულისხმოდა) მაშინ რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა შეთავაზეს ასეთი რამ: თქვენ სცანით აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შემდეგ ჩვენ თქვენთან, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფალთან გავაფორმებთ კონფედერატიულ ხელშეკრულებას და დაგეხმარებით, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში. ეს როგორ? იკითხა პრეზიდეტმა. ეს ჩვენ ვიცით, იყო პასუხი. (იხ. გუგუშვილის ინტერვიუ, რომელიც მან მისცა “იმედს” 2004 წელს) შევარდნაძის კონტრდაზვერვის გენერალი ავთანდილ იოსელიანი იგონებდა აფხაზეთის ახლანდელი “თავდაცვის მინისტრის”, მერაბ ქიშმარიას მონათხრობს (იხ. ჩვენი ფილმი “დინების საწინააღდეგოდ, პირველი სერია, Youtobe) რომ გამსახურდია ამ შეთავაზებაზე გაფითრდა, ფეხზე წამოხტა და აფხაზეთი დატოვაო. მე შემეცოდა კიდევაცო. ამ ყველაფერს კი მოყვა ის გზა სამეგრელოს მთიან სოფლებში, რაც დასრულდა ყველასთვის ცნობილი ჯიხაშკარი-ხიბულათი.

ფაქტია, რომ ჯერ არ ახსოვს სულ ცოტა 2300 წლოვან საქართველოს ისტორიას ასეთი საზარელი ხლართი და დრამა იმავდროულად.

კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here