POSTS დაიჯესტი

” საქართველო, რილკე და ურბანულობის განცდა “

გაგრძელება სტატუსისა “საქართველო ნიცშე და ფროიდი”)

ურბანულობა სხვა განცდაა. იგი ჩვენს ქვეყანაში ალბათ თან უნდა მოიტანო ორიგენესეული პრაეგზისტენცის მდგომარეობიდან (ანუ თანდაყოლილი უნდა გქონდეს) ან სადმე ურბანულ ცენტრში უნდა იყო ნაცხოვრები დიდხანს. იგი განსხვავებული შინაგანი დრო და რიტმია, ასევე გამძაფრებული ხსოვნა ისტორიის ბოლო 500 წლისა, როდესაც ქალაქები განსაკუთრებულად განვითარდნენ. ძნელია იგი შეითვისო ჩვენი ქვეყნის სამი შედარებით დიდი ქალაქიდან. ჩვენ, ოპოზიციონერები დღეს კი ვიცავთ თვითმმართველ ქალაქებს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, რომ თვით ის სამი ქალაქიც კი შუმერული ტექსტების გილგამეშივით არის: ორი მესამედი ღმერთი, ერთი მესამედი კაცი. ანუ მათშიც კი ურბანულობა გარკვეულ პირობითობას ექვემდებარება.

ტრილოგიაში “მთვარის მოტაცება” მთავარი გმირი თარაშ ემხვარი ამ ურბანულობის შინაგანი განცდით და მონატრებით ცხოვრობს. იგი სვანეთის ერთ-ერთი მიყრუებული კოშკიდან წერილს წერს თავის რომში მცხოვრებ მეგობარ ქალს, ჰელენ რონსერს, (მგონი მე-17 საუკუნის ფრანგი პოეტის რონსარის მიხედვითაა ეს გვარი შერჩეული) სადაც უყვება, რომ ფრანგი ალპინისტების ღამის განათევარ ადგილზე წაწყდომია გაზეთ “ტან”-ს ფურცლებს, სადაც ამოუკითხავს რაინერ მარია რილკეს გარდაცვალების ამბავი.

და ეს რა გაზეთია? მართალი გითხრათ, საფრანგეთში მე ასეთი გაზეთი არ მახსენდება. ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ხნიერი ჟენევური გაზეთი Le Temp (დრო), რომელიც გამოდის ამჟამადაც. ამ სიტყვის ბოლო კონსონანტი p საერთოდ არ გამოთქმის, ხოლო ბოლოსწინა კონსონანტი რეალიზდება ნაზალურად, ცხვირში ამოსუნთქვით გახმოვანებული, უფრო N-ს მსგავსად.

რილკემ, მას შემდეგ რაც იცხოვრა ევროპის არაერთ სატახტოში, მიუნხენში, პარიზში, ვენეციასა და ფლორენციაში არჩია იდილიური ყოფა შვეიცარიის ალპებში, სადაც მიუზოს ციხე-კოშკში ცხოვრობდა. იგი ლეიკემიით გარდაიცვალა 1926 წლის ბოლოს და ალბათ “მთვარის მოტაცება” ერთადერთი ტექსტია, რომელიც პოეტის გარდაცვალებას ამ ფორმით ეხმაურება. მას პოეზიაზე ხელი იმიტომ აუღია, წერს ემხვარი, რომ დღეს გამეფებულ გაუვალ უგემოვნებობაში დიდი პოეტის ხმა ისეთივე უადგილო ხდებაო, როგორც ბულბულის გალობა სახერხ ქარხანაში.

რილკეს საფლავი შვეიცარიაშია, მთიანი ვალისის სოფელ რარონში, სადაც საფლავის ქვაზე იკითხება მისი პოეზიის უცნაური და ესთეტური იდეალის ყველაზე დაწურული ფორმულა:
“ვარდო, წმინდაო პარადოქსო, შვებავ, წყურვილო! უხვად დაფენილ ქუთუთოებქვეშ არ გერქვას ძილი შენ არავისი”

კონსტანტინე ( უმცროსი ) გამსახურდია

ფესიბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close