News დაიჯესტი

სკანდალური ექსპერიმენტი – შავ ბაზარზე ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სქემა გაშიფრულია

გასულ კვირას პროკურატურამ კლინიკა „ლანცეტის“ გენერალური დირექტორი ფარმან ჯეირანლი თაღლითობისა და არალიცენზირებული ოპერაციების ჩატარების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება ფატალური შედეგით დასრულებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციებს, თუმცა შესაძლოა, საქმე იმაზე მეტად სკანდალური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართაც.

 

ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. სავარაუდოდ, ძიება მხოლოდ კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობით არ შემოიფარგლება, ვინაიდან საუბარია ორგანოებით ვაჭრობის კარგად ორგანიზებულ სქემაზე.

 

რესპონდენტი, რომელიც „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა, გვიყვება, რომ მისმა ახლობელმა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. ამ მიზნით კი საქართველოში 10 000 დოლარად იყიდა გადასანერგი ორგანო. რესპონდენტმა, გასაგები მიზეზების გამო, ანონიმურობის დაცვა გვთხოვა, თუმცა დეტალურად მოგვიყვა შავ ბაზარზე მოქმედი სქემის შესახებ. მისი ვარაუდით, „ლანცეტის“ ირგვლივ დაწყებულმა გამოძიებამ შესაძლოა, სამართალდამცავები სწორედ აღნიშნულ ჯგუფზე გაიყვანოს. აი, რას გვიყვება ჩვენი რესპონდენტი:

 
– თბილისში (მისამართის დასახელებისგან თავს შევიკავებ) მოქმედებს ორგანოებით ვაჭრობის ძალიან სარფიანი ბიზნესი. ჩემმა ახლობელმა ცოტა ხნის წინ, თურქეთის ქალაქ იზმირში გაიკეთა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია. ამ მიზნით დონორი საქართველოში იშოვა, უფრო სწორედ რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭისგან შეიძინა თირკმელი. როგორ მოხდა დაკავშირება? არსებობს რაღაც დახურული ჯგუფი, სადაც ხდება პოტენციური დონორების დარეგისტრირება. გადანერგვის მსურველებს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება აკავშირებს ამ ხალხთან, მათ უკეთებენ ყალბ ცნობებს, თითქოს დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არიან, შემდეგ ამ საბუთებით ორივეს აგზავნიან იზმირის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც უშუალოდ ტარდება გადანერგვის ოპერაცია. როგორც ვიცი, ასეთი ყალბი საბუთებით რამდენიმე ოპერაცია საქართველოშიც ჩატარდა, თუმცა კონკრეტულად რომელ კლინიკაში, ჩემთვის უცნობია. როდესაც ლანცეტის შესახებ მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ამ შავ ბიზნესში სწორედ ეს კლინიკა იყოს ჩართული.

 

– თქვენი ახლობლის ოპერაცია როგორ დასრულდა?
– როგორც გითხარით, მან იზმირში გადაინერგა თირკმელი. დონორიც იქ ჩაიყვანეს საკუთარი ხარჯებით. შემდეგ 10 000 დოლარი გადაუხადეს. ახალგაზრდა ბიჭი იყო. როგორც ვიცი, ეს თანხა ცოლის მოსაყვანად სჭირდებოდა.

 

– და ვინც დონორთან დააკავშირა თქვენი ახლობელი, იმან რა სარგებელი მიიღო?
– ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ, თავის მხრივ, ამ დაწესებულებამ დიდი ფული აიღო შუამავლობისთვის და საბუთების მომზადებაში, რომ თითქოს დონორი და პაციენტი ერთმანეთის ნათესავები არიან. შემდეგ სურდათ, იმ 10 000 დოლარშიც ჩაჯდომოდნენ ამ ბიჭს წილში, მაგრამ ჩემმა ახლობელმა მათ გარეშე, პირადად გადასცა თანხა. ხომ წარმოგიდგენიათ, ადამიანს იმ დონეზე უჭირდა, რომ ცოლის მოსაყვანად საკუთარი ორგანო გაყიდა.

 

საქართველოს კანონმდებლობით ორგანოებით ვაჭრობა მკაცრადაა აკრძალული. სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე პრიმა მუხლით აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორგანოების გადანერგვა ნებადართულია მხოლოდ ოჯახის წევრებს შორის. ანუ სისხლით ნათესაური კავშირის დადგენის შემთხვევაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი საკმაოდ მკაცრია, ჩვენი რესპონდენტი ირწმუნება, რომ დღეს ეს ბიზნესი საქართველოში საკმაოდ ფესვგადგმულია. ამის დასტურად კი მოგვაწოდა ორგანოების გაყიდვის მსურველთა ბაზაც. მისი თქმით, სწორედ ამ ბაზიდან არჩევენ შესაბამის დონორებს, რის შემდეგაც ხდება ნათესაური კავშირის „შეკერვა“ და ამის საფუძველზე ოპერაციის ჩატარება.

 
გაგაცნობთ რამდენიმე განცხადებას ე.წ. დონორთა ბაზიდან:

„ვარ 35 წლის, სისხლი 1-ლი დადებითი, ვარ სრულიად ჯანმრთელი, ყველა გამოკვლევა იზმირში მაქვს გაკეთებული, ვარ თირკმლის დონორი“.

 

„ვარ 47 წლის, ჯანმრთელი ქალბატონი. 1-ლი დადებითი ჯგუფის სისხლით. ვიქნები თირკმლის დონორი“.

 

„გამარჯობათ, ვარ 30 წლის, მსურს გავხდე დონორი, ვარ სრულიად ჯანმრთელი, მე-2 დადებითი“.
„ვარ 30 წლის, მეორე დადებითი სისხლით. ჯანმრთელი. გავხდები ღვიძლის ან თირკმლის დონორი. პასუხი მომწერეთ მეილზე (პ.ს. 5 და 10 ათასს ნუ შემომთავაზებთ. პ.პ.ს. მხოლოდ რეალური მსურველები და არა სპეკულანტები)“.

 

„გამარჯობა, ვარ ჯანმრთელი, არანაირი ავადმყოფობა არ გადამიტანია, არასდროს მომიწევია თამბაქო, სასმელსაც არ ვსვამ. 23 წლის. მაქვს მე-3 ჯგუფის სისხლი. მსურს თირკმლის დონორი გავხდე! ვიცი, ოფიციალური სახით როგორ შეიძლება გაკეთდეს, მაგაშიც დაგეხმარებით ყველანაირად – დამეკონტაქტეთ მითითებულ მეილზე“.

 

ე.წ. დონორთა ბაზაში ყველა ასეთ განცხადებას ახლავს საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ან ელფოსტის მისამართი). გადავწყვიტეთ, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და ორგანოების გაყიდვის რამდენიმე მსურველს პირდაპირ, შუამავლების გარეშე დავუკავშირდით და ერთ შემთხვევაში – ღვიძლის, მეორე შემთხვევაში კი თირკმლის შეძენის სურვილი გამოვთქვით. ვაჭრობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, დონორთა ვინაობებს არ დავასახელებთ.

 

„პრაიმტაიმი“: გამარჯობათ… ღვიძლის დონორობასთან დაკავშირებით მომცეს თქვენი ნომერი… ხომ სწორად ვრეკავ?
დათო, 29 წლის: კი ბატონო, მაგრამ მოდი, ასე მოვიქცეთ. თქვენ, როდესაც შეძლებთ, შემეხმიანეთ და შევხვდეთ. ხომ გესმით, ტელეფონში სალაპარაკო თემა არ არის ეს. თბილისში ხართ თქვენ?
„პრაიმტაიმი“: დიახ, თბილისში ვარ.

დათო: კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. როდის შეძლებთ შეხვედრას, დავჯდეთ და დავილაპარაკოთ ფასზე.
„პრაიმტაიმი“: შესაძლებელია გადანერგვის ოპერაცია თურქეთში გაკეთდეს და შეძლებთ იქ წამოსვლას?
დათო: კი, შემიძლია, წამოვიდე. თუ მოხდება ხარჯების ანაზღაურება, ნებისმიერ დროს წამოვალ.
„პრაიმტაიმი“: და დაახლოებით რა დაგვიჯდება?

 

დათო: მოდი, ასე გეტყვი, თვითონ რამდენის გადახდა შეგიძლიათ?
„პრაიმტაიმი“: როგორც გავიკითხეთ, 10 000 ლარი, წესით, საკმარისი უნდა იყოს, არა?
დათო: 10 000 ლარი ხო?

„პრაიმტაიმი“: დიახ.
დათო: „ხო, არ ვიცი. მოვიფიქრებ. ტელეფონში სალაპარაკო არ არის. ერთმაც დამირეკა და უნდოდა ყიდვა, ერთ სამ დღეში დაგირეკავო, მითხრა. მაგის ზარსაც ველოდები და ვნახოთ, რა. მე ჯანმრთელობის მხრივ, ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული მაქვს. სრულიად ჯანმრთელი ვარ.

 

„პრაიმტაიმი“: სად ჩაიტარეთ გამოკვლევა?
დათო: აქ, თბილისში, „ავერსის“ კლინიკაში.

 

„პრაიმტაიმი“: კარგი, დაგიკავშირდებით, თუ გადავწყვეტთ.
დათო: კარგი, ძმაო. არ არის პრობლემა. შევხვდეთ და მოვილაპარაკოთ.

 

მაკა, 32 წლის:
– ვინ ბრძანდებით?
– თირკმლის გადანერგვით ვართ დაინტერესებულნი და შეძლებთ დახმარებას?
– დიახ, რა გაინტერესებთ.
– ანუ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, შევთანხმდეთ დონორობაზე?
– კი, ბატონო, არ არის პრობლემა.
– დაახლოებით რა თანხას ითხოვთ?
– ნუ, რა ვიცი. თქვენ რა თანხას შემომთავაზებთ და ვიფიქრებ.
– გვითხრეს, რომ სადღაც 10 000 ლარი ჯდება.
– მოდი, მოვიფიქრებ და პასუხს გაგაგებინებთ. ხომ გესმით, ისეთი თემაა, რომ ასე მარტივად ვერ გადავწყვეტ.

 

მოკლედ, ორივე შემთხვევაში პოტენციურმა დონორებმა დადასტურებულად გვითხრეს, რომ ისინი მზად არიან, გარკვეული თანხის სანაცვლოდ საკუთარი ორგანო გაყიდონ, თუმცა, როგორც ჩანს, ორივე მათგანს ეცოტავა ჩვენ მიერ შეთავაზებული თანხა. ეს რომ არ გახლავთ ერთეული შემთხვევა და რომ გარკვეული ჯგუფი ამ ყველაფრის ორგანიზება/შუამავლობას ეწევა, სამედიცინო წრეებშიც დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ამაზე ღიად არავინ საუბრობს.

 

ახლა კი დავუბრუნდეთ კლინიკა „ლანცეტს“… როგორც ცნობილია, კლინიკის დირექტორი ორი გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დააკავეს. ორივე მათგანს ღვიძლის გადანერგვის არასანქცირებული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დაზარალებული ოჯახები არც იმას გამორიცხავენ, რომ გადანერგვა საერთოდ არ მომხდარა და მათ მიერ მოძიებული დონორის ორგანო შავ ბაზარზე გაყიდეს.

 

ანჟელა ჟანიო, გარდაცვლილ გიორგი ჩუბინიძის მეუღლე:
– დონორი გახლდათ ჩემი მეუღლის ბიძაშვილი. მან დონორობის სურვილი თავად გამოთქვა. მაგ კლინიკაში იმდენი დანაშაული ხდება, რომ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რეალურად გადაუნერგეს თუ არა ღვიძლი ჩემს მეუღლეს. ხელს ვერ დავადებ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ გადანერგვის ოპერაცია ნამდვილად ჩატარდა. ცხედრისთვის ჩვენ ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია. ფაქტობრივად, უცნობია, რეალურად მოხდა თუ არა გადანერგვა. გამორიცხული არაფერია. ძიება მიმდინარეობს და, ალბათ, პროკურატურა დაადგენს ყველაფერს“.

 

ნესტან ლონდარიძე, ადვოკატი:
– ზოგადად, როდესაც ორგანოთა გადანერგვა ტარდება, ეს საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ტრანსპანტოლოგთა საბჭოდან. გარდა ამისა, ყველა ექიმი საჭიროებს შესაბამის სერტიფიკატს. კლინიკა „ლანცეტში“ მოწვეულნი იყვნენ ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც არც ერთი ლიცენზია არ გააჩნდათ არც ერთ საექიმო საქმიანობაში. ამასთანავე, „ლანცეტს“ არ მიუმართავს ტრანსპლანტოლოგთა საბჭოსთვის ამ ოპერაციებზე ნებართვის აღების მიზნით. უფრო სწორად, ერთზე საერთოდ არ მიუმართავთ, მეორე შემთხვევაში მიმართეს, თუმცა საბჭომ უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, ოჯახს მოატყუეს, რომ თანხმობა მიიღეს და მაინც ჩაატარეს ოპერაცია.

 

– რაც შეეხება დონორებს, რამდენად კანონიერი გზით ხდებოდა დონორების მოძიება?
– დონორების მოძიება ამ შემთხვევაში კანონიერად მოხდა, რადგან ოჯახმა თავად წარმოადინა ახლობლები დონორებად.

 

– როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა ცხედრებს ექსპერტიზა არ ჩატარებია… დარწმუნებული ხართ, რომ ტრანსპლანტაცია საერთოდ განხორციელდა?
– სამედიცინო ისტორიაში მითითებულია, რომ გადანერგვა განხორციელდა, მაგრამ ფიზიკურად რა მოხდა საოპერაციოში, ამის თქმა ძალიან რთულია იმ ფონზე, როცა არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. ოჯახისთვის ექსპერტიზა არ შეუთავაზებიათ და საქმეშიც არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, სადაც ოჯახი უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის ოჯახს აქვს გარკვეული ეჭვები და ვარაუდები, თუმცა ამის უარყოფა ან დადასტურება ძნელია, ვინაიდან არ მაქვს ინფორმაცია, უშუალოდ საოპერაციოში რა მოხდა და რამდენად თანხვედრაშია იქ განვითარებული პროცესები სამედიცინო ისტორიასთან.

 

– ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ღიად მიდის მოლაპარაკებები ორგანოებით ვაჭრობაზე… რამდენად შეიძლება იყოს კავშირი „ლანცეტთან“?
– ორგანოთა ვაჭრობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს მკაცრად რეგულირებადი სფეროა. რაც შეეხება ამ თემის კლინიკა „ლანცენტთან“ დაკავშირებას, გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება გრძელდება, ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

 

– ანუ შესაძლოა, გამოძიება ორგანოებით ვაჭრობის კვალზე გავიდეს?
– რა თქმა უნდა, ეს არ არის გამორიცხული. საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია გარკვეული წრისთვის ცნობილია, ეს არ გახლავთ დახურული თემა. ამ ორ კონკრეტულ საქმეში მრავალი დანაშაულია ჩადენილი. დირექტორის დაკავება არ გახლავთ გამოძიების დასკვნითი ეტაპი. გამოსაკვეთია, ვინ მონაწილეობდა ამ უკანონო ქმედების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ერთი მხრივ, საუბარია ექიმებზე და მეორე მხრივ, ადმინისტრაციაზე.

 

– სხვა არაერთ დანაშაულში გულისხმობთ მათ შორის ორგანოებით სავარაუდო ვაჭრობასაც?
– მე ამ საქმეში არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა გარკვეული დეტალების დაკონკრეტებისგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ.

 

 

იხილეთ ვრცლად:


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close